მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში, საქართველოს ნაკრები „დევისის თასის“ ფარგლებში მექსიკას უმასპინძლებს - ფედერაცია

სპორტის კომიტეტი

2024 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 28 საერთაშორისო ტურნირის გამართვა იგეგმება, სექტემბერში კი „დევისის თასის“ ფარგლებში, საქართველოს ნაკრები მექსიკის ნაკრებს უმასპინძლებს. ამის შესახებ სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე მეტრეველმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგად, საქართველო B ჯგუფში დაწინაურდა და ამჟამად იგივე სტატუსი აქვს, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებს.

ამასთან, ალექსანდრე მეტრეველის შეფასებით, ჩოგბურთის კორტების მშენებლობა-განახლება ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულზე საუბრისას ფედერაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა თელავში კორტების დასრულებულ მშენებლობაზე. ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, მიმდინარე წელს იგეგმება ქუთაისის და გორის კორტების რეაბილიტაცია, რაც აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, სპორტის კომიტეტის დებულებაში ცვლილებები შევიდა. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტის სახელწოდების შეცვლის შემდეგ, იმისათვის რომ კომიტეტის დებულება პარლამენტის რეგლამენტთან თანხვედრაში იყოს, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. კომიტეტის ახალი დებულება კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები