მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბრიდან ბაზარზე ქართული ჩაის ახალი ბრენდი გამოჩნდება

5b4b0ac90c16a
მაია ბიწაძე
15.07.18 16:00
1749
სექტემბრიდან საქართველოს ბაზარზე ახალი, პრემიუმკლასის ქართული ჩაი გამოჩნდება, რომელიც ,,ოქროს თაიგულისა“ და ,,ქართული ექსტრას“ ბრენდით გაიყიდება. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,საქართველოს თაიგულის“ ხელმძღვანებელმა, ილია ბასილაშვილმა განუცხადა. კომპანია ,,ოქროს თაიგულის“ ბრენდით ორი სახის დასაყენებელ: მწვანე და შავ ჩაის გამოუშვებს, ,,ქართული ექსტრას“ ბრენდით კი ხუთი სახეობის, ერთჯერად პაკეტებში დაფასობული ჩაი გაიყიდება.

"ეს იქნება ნატურალური, მაღალი ხარისხის ქართული ჩაი, მინარევებისა და დანამატების გარეშე. დასფასოებელ კილოგრამ ჩაის 50 ლარად ვყიდით, დაფასოებული ჩაის გასაყიდი ფასი კი, საცალო ქსელში 100 ლარი იქნება (კილოგრამის). ის საკმაოდ მაღალი ხარისხის მუყაოს შეფუთვით გამოვა.

ჩვენი საწარმო 2003 წელს დაფუძნდა და ჩაის ოჯახურ პირობებში ვამზადებდით. 2016 წელს იაფი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით გავფართოვდით, ახალი საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც 2017 წელს დასრულდა, 2018 წლიდან ჩაის ახალ საწარმოში ვამზადებთ. წელს 6 ტონა ჩაის წარმოებას ვგეგმავთ, 2019 წელს კი ეს რაოდენობა 8 ტონამდე გაიზრდება. წარმოებას ყოველწლიურად ეატპობრივად გავზრდით“ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.

"საქართველოს თაიგულის“ საწარმო ოზურგეთში მდებარეობს. მისი მშენებლობას და მოწყობას 428 ათასი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა, რომლიც ნაწილიც გრანტი, ნაწილი კი კერძო ინვესტიცია და ,,იაფი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება იყო. კომპანია ჩაის ნედლეულს ძირითადად მოსახლეობისგან იბარებს. როგორც ილია ბასილაშვილი განმარტავს, ჩაი 5 ჰექტარ პლანტაციაში მოჰყავთ, რომელიც 2016 წელს ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას 15 წლიანი იჯარით გადასცა, თუმცა ეს ნედლეული საკმარისი არ არის.

"კილოგრამ მწვანე ჩაის ფოთოლში 3,5 ლარს ვიხდით, იმისთვის, რომ 8 ტონა ჩაი ვაწარმოოთ, მინიმუმ 40 ტონა ჩაის ფოთოლი უნდა გადავამუშაოთ, ეს დაახლოებით 140 ათასი ლარია, რომელიც გურიის სოფლებში რჩება“ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.

მისივე განმარტებით, როდესაც წარმოების მოცულობას გაზრდიან, ჩაის ექსპორტზე გატანაზეც იფიქრებენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები