კომპანია "კულაში" პროდუქციაზე ფასების მატებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ. როგორც “საქმიან დილას” “კულას” დამფუძნებელმა ივანე გოგლიძემ განუცხადა, კომპანია მოლოდინის რეჟიმშია, დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ლარის კურსის ცვლილებას.
“ამ ეტაპზე ლარი ცოტა დასტაბილურებულია, როდესაც ასული იყო 3.5–ზე და ზევით, ამის ფონზე ვფიქრობდით ფასების გაზრდას, დღეის მდგომარეობით ლარი რადგან არის 3.10-ის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით პროდუქციაზე ფასების გაზრდას არ ვვარაუდობთ. შევხედავთ როგორ ჩაივლის არჩევნები, რა კურსი იქნება, როგორი მდგომარეობა იქნება, თუ კიდევ მოიმატა გადასახადებმა, როგორც დენის, ასევე წყლის ან ბუნებრივი აირის, ალბათ მოგვიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ფასები არ აგვიწევია და შიდა გადაწყვეტილებით 10 ოქტომბრამდე ფასების ზრდა არ ვაპირებთ“– განაცხადა “საქმიან დილასთან” ივანე გოგლიძემ.
ცნობისთვის, “კულას” გადამამუშავებელი საწარმო გორში მდებარეობს. ის 2009 წელს დაფუძნდა და გარდა წვენებისა, ბაზარს სხვადასხვა სახის ხილის პროდუქციით ამარაგებს.




























