საქსტატის მონაცემებით, გასართობი ცენტრების მომსახურება წლიურად, საშუალოდ, 12,2%-ით გაძვირდა. ფასის ზრდის მიზეზად, სექტორი სერვისის მიწოდების თვითღირებულების ზრდას ასახელებს.
გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მთიულიშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
მისი შეფასებით, სექტორისთვის გასული წელი სტაბილური იყო, ხოლო მოთხოვნის კუთხით მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა. აღნიშნული ტენდენცია კი წელსაც შეინიშნება. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ვირუსების სეზონია და მათი ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან, მომართვიანობა შედარებით შესუსტებულია.
„შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს ჩვენი სექტორი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა და სექტორში ბევრი ახალი ობიექტი დაემატა. პანდემიის პერიოდში თუ გასართობის ცენტრების რაოდენობა 40-მდე იყო ჩამოსული, ახლა მათი რაოდენობა 80-მდეა გაზრდილი და ახალი ობიექტების შემოსვლაც იგეგმება.
გაზრდილი ფასების ტენდენცია გასული წლის შუა ნახევარში მოხდა და მაჩვენებლები დაახლოებით 20-25% - მდე გაიზარდა, რაც პროდუქტების ფასების ზრდამ განაპირობა. მას შემდეგ, გასართობ ცენტრებში სერვისის ღირებულების ზრდა აღარ მომხდარა. ამჟამად, საშუალო ტიპის ცენტრებში 10 ბავშვიანი ჯგუფის მასპინძლობა, რომელშიც ნორმალური საკვები და პროგრამაა დაახლოებით 350 – 400 ლარი ღირს,“- აცხადებს მთიულიშვილი.
მისივე ცნობით, სექტორში ანაზღაურებაც გაზრდილია. თუ პანდემიამდელ პერიოდში საშუალო ანაზღაურება 600-700 ლარამდე იყო, ახლა ხელფასების საშუალო მაჩვენებელი 1000-1200 ლარამდეა გაზრდილი, რაც საკადრო ზრდასაც იწვევს.
მთიულიშვილი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არასტაბილური ფასებია, რაც მათ სექტორზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
როგორც გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, თუ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და მოლოდინია, რომ საკმაოდ ნოყიერი წელი იქნება.