აგრო მაღაზია "კარტლისის" დირექტორი რობერტ რევია მიიჩნევს, რომ საქართველოში პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების შემცირების შანსი ძალიან დაბალია. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, სექტორში კონკურენცია მაღალია, რაც კომპანიებს უბიძგებს, პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ.
როგორც 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა.
"რაც უფრო მაღალია კონკურენცია, ყველა ცდილობს პროდუქცია გაყიდოს რაც შეიძლება დაბალ ფასებში. ამიტომ არა მგონია აქ იყოს გაიაფების დიდი რესურსი. ჩვენი ბაზარი არის ძალიან პატარა და ფაქტობრივად ყველა დიდი მწარმოებელი მსოფლიოში, წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე, პლუს თურქული კომპანიები, ჩინური, ინდური, ასე რომ კონკურენცია არის ძალიან მაღალი",- ამბობს რობერტ რევია.
მისივე თქმით, სექტორში მარჟები დაბალია, ხარჯები კი მაღალი.
"ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მარჟები ჩვენ ბიზნესში არის ძალიან დაბალი. აქ მაღალ მარჟაზე ვერც იმუშავებ. ჩვენი მარჟა საშუალოდ 10-დან 15 პროცენტამდეა.
ხარჯები არის ძალიან დიდი. ადრე პესტიციდები იყიდებოდა პატარ-პატარა მაღაზიებში, ბევრი ხალხი ყიდდა ამას, ბაზრებში ყიდდნენ, სახლებიდან, გარაჟებიდან რაიონებში. ახლა ხომ თავის ნორმატივები აქვს ბუნებრივია ამ ყველაფერს. ამიტომ საჭირო არის მაღაზია, მაღაზიებს ყველას უნდა ჰქონდეს აღიარება. აღიარება რომ მიიღო უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ნორმებს. შესაბამისად ამ ნორმების დაცვას და ყველაფერს სჭირდება თანხები. მეორე, განათლება ამ სფეროში არის ძალიან დაბალ დონეზე. უამრავ სემინარს ვატარებთ, შეხვედრებს, სპეციალისტები ჩამოგვყავს უცხოეთიდან, დაწყებული იაპონიიდან დამთავრებული ამერიკით, ვატარებთ ტრენინგებს რეგულარულად ხალხისთვის. ესეც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ტრენინგების გარეშე ფაქტობრივად ამ პრეპარატების სწორი გამოყენება ხალხმა არ იცის. ამას სჭირდება ძალიან დიდ საგანმანათლებლო მუშაობა. ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ დარგში არის დაკავშირებული ცოდნასთან.
რაც შეეხება [პესტიციდების] ჭარბ გამოყენებას, ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, პირიქით ყველა ცდილობს, რომ შეამციროს ხარჯები და არა მგონია, რომ ჭარბი გამოყენება ჰქონდეთ",- ამბობს "კარტლისის" დირექტორი.
"კარტლისი" ქართულ ბაზარზე უკვე 26 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სარწყავ სისტემებს სთავაზობს.




























