სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან გადადგება, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქვეყანაში რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო პროტესტი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ვუჩიჩი თბილისს 2 კვირის წინ სტუმრობდა. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს და მინისტრებს.
„მე პრეზიდენტი მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიქნები, შემდეგ კი გადავდგები“, - განაცხადა ვუჩიჩმა დედაქალაქ ბელგრადში, სამთავრობო მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის ხელისუფლებაში უკვე 13 წელია იმყოფება. მისი მეორე და კონსტიტუციით გათვალისწინებული ბოლო საპრეზიდენტო ვადიდან ამოწურვამდე კიდევ ერთი წელი რჩებოდა. არჩევნები 2027 წლის შუა პერიოდში უნდა გამართულიყო. ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია ზუსტი თარიღი, თუ როდის აპირებს გადადგომას ან პარლამენტის დაშლას, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდს, „სერბეთის პროგრესულ პარტიას“, არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.
სერბეთში მასშტაბური და ხშირად ძალადობრივი ანტიკორუფციული პროტესტი წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, რომელსაც სათავეში ძირითადად სტუდენტები უდგანან. დემონსტრაციების ახალი ტალღა 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოპოზიცია და მომიტინგეები მომხდარში კორუფციასა და უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადანაშაულებენ.




























