მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთსა და უნგრეთში რუსულ გაზსადენზე დივერსიის მცდელობის შესახებ აცხადებენ

ალექსანდრ ვუჩიჩი და ვიქტორ ორბანი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადეს, რომ სერბეთის ჩრდილოეთით, „ბალკანური ნაკადის“ გაზსადენთან ახლოს, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.

ალექსანდრ ვუჩიჩის განმარტებით, ქალაქ კანიჟასთან, მილსადენიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, ნაპოვნია დეტონატორები და „გამანადგურებელი სიმძლავრის“ ორი ფეთქებადსაშიში პაკეტი. ვიქტორ ორბანმა მომხდარს მომზადებული დივერსიული აქტი უწოდა და საკითხის განსახილველად ქვეყნის თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს გაზსადენი უნგრეთისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი არტერიაა, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გამავალ „თურქულ ნაკადს“ უერთდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას უკვე გამოეხმაურა. ოფიციალურმა კიევმა კატეგორიულად უარყო მომხდართან ყოველგვარი კავშირი და ინციდენტს რუსეთის მიერ დადგმული პროვოკაცია უწოდა. უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, ეს შესაძლოა იყოს მოსკოვის მცდელობა, „ცრუ დროშის“ ოპერაციით ჩაერიოს უნგრეთის მოახლოებულ არჩევნებში.

ცნობისთვის, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ბოლო კვირებში საკმაოდ დაძაბულია. ორბანი კიევს რუსული ნავთობის ტრანზიტის განზრახ შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ უკრაინული მხარის ბრალია ის ენერგოდეფიციტი, რის წინაშეც უნგრეთი და სლოვაკეთი აღმოჩნდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სერბეთისა და უნგრეთის მთავრობების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააჟღერეს უნგრულ ოპოზიციაში. ორბანის მთავარი კონკურენტის, პიტერ მაგიარის გუნდში მომხდარის დროზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებენ, რომ ინციდენტი ამომრჩევლებში პანიკის დათესვას ისახავს მიზნად. ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში წინასწარ არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სააღდგომო პერიოდში, გაზსადენზე მსგავსი „შემთხვევითობა“ მოხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები