მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერბეთში მასობრივი პროტესტის შემდეგ, ვუჩიჩი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას განიხილავს

ვუჩიჩი

გასული კვირის ბოლოს მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც ვუჩიჩიმ კვირას პრესკონფერენციაზე თქვა, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2027 წლის დეკემბერში უნდა დაინიშნოს, ვადაზე ადრე ჩატარდება. მისივე თქმით, "ზუსტ ვადას კომპეტენტური ინსტიტუციები დაადგენენ".

1-2 ნოემბერს ათი ათასობით სერბი დედაქალაქის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კიდევ ერთხელ გამოვიდა. დემონსტრანტები კორუმპირებულ და სულ უფრო ავტორიტარულ რეჟიმს აპროტესტებენ.

2 ნოემბერს ერთი წელი გავიდა ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევიდან, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა. შემთხვევა სერბეთის მოქალაქეებმა რეჟიმის სავარაუდო კორუფციას მიაწერეს - კვირების განმავლობაში ათასობით მოქალაქე ვუჩიჩის ათწლოვან მმართველობას აპროტესტებდა. ერთი წლის თავზე, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.

სტუდენტურმა მოძრაობამ კანდიდატების სიის პროექტი შეადგინა, რომლებსაც ისინი ვუჩიჩის მმართველი პარტიის, SNS-ის წინააღმდეგ წარადგენენ - სია, ჯერჯერობით, საჯარო არ არის. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე ვუჩიჩის ხელისუფლებაში ყოფნა მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, სტუდენტების მიერ ორგანიზებული გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის მხარდაჭერა 40%-ზე4 მეტია, რაც დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით აღემატება SNS-ის რეიტინგს.

როგორც ვუჩიჩის თანაშემწემ Financial Times-ს განუცხადა, პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მხოლოდ ამ შესაძლებლობაზე ფიქრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები