ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი WNBA-ის კლუბის “ტორონტო ტემპოს” თანამფლობელი გახდა. მასთან ერთად კლუბის მმართველებს შორის შედის ბიზნესმენი ლარი ტენენბაუმიც, რომელიც თითქმის ყველა პროფესიონალური კანადური სპორტული კლუბის მფლობელია.
“მოხარული ვარ გაცნობოთ ჩემი ჩართულობის შესახებ ქალთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, კერძოდ “ტორონტო ტემპოს” თანამფლობელი გავხდი. ეს კალათბურთის გარდა ეხება ქალი სპორტსმენების ჩართულობას ბიზნესში, ვინაიდან ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალთა სპორტი საუკეთესო შესაძლებლობაა ინვესტიციებისთვის. აღელვებული ვარ, რადგან ლარი ტენენბაუმთან და მთლიანად კანადასთან მიწევს პარტნიორობა ახალი WNBA-ის კლუბის მემკვიდრეობის შექმნაში”,- განაცხადა სერენა უილიამსმა.
კლუბის პრეზიდენტის ტერეზა რეშის განცხადებით სერენასნაირი დიდი ჩემპიონის გავლენა კლუბსა და მთლიანად ქვეყანაზე უდიდესი იქნება, ის მიიღებს მონაწილეობას მაისურის დიზაინის შექმნაში და მოგვიანებით უკვე გაყიდვებშიც დაეხმარებათ.
“ტემპო” ახლად შექმნილი კანადური საკალათბურთო კლუბია, რომელიც საქმეში 2026 წლის ზაფხულში ჩაერთვება, ახლად შექმნილ პორტლენდურ გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ WNBA-ში “ტორონტო ტემპოს” დამატება შექმნის პირველ პრეცედენტს, როცა ქალთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არა ამერიკული კლუბი დაემატება.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ქალთა სპორტში აქტიური ინვესტიციებით გამოირჩევა, აქამდე მან ქალთა საფეხბურთო კლუბ Angel City FC-ში და NFL-ის კლუბ Miami Dolphins-ში ჩადო დიდი ფინანსები.