საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი სამმხრივი პარტნირობის კომისიის ფარგლებში კონსესუსით იქნა მიღებული.
დღეიდან შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები.
პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ტრეინინგ ცენტრში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
BM.ge-ის კითხვას - რამდენად არის ბიზნესი მზად ახალი რეგულაციებისთვის, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ერთ-ერთ ეტაპზე, კერძოდ 2015 წელს, როცა შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდა, ბიზნესის ნაწილი ძალიან დიდი სიფრთხილით და ზოგ შემთხვევაში რეზისტენსობითაც ეკიდებოდა ამას, თუმცა მათთან, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვქონდა; ყველაზე მთავარი რაც არის არის ის, რომ არსებობს სამმხრივი პარტნიორობის კომისია, სადაც დამსაქმებელთა ასოციაციებია წარმოდგენლები და ისინი არიან ბიზნესის ხმა - უკლებლივ ყველა ის ნაბიჯი, რაც გადავდგით იყო კონსესუსით შეთანხმებული სამმხრივი კომისიის ფარგლებში. ასე რომ, ვფიქრობ, ბიზნესი მზად იქნება და ვინც არ იქნება მზად, ეს აიძულებთ, რომ ძალიან სწრაფად მოვიდნენ მზადყოფნაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.