“რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი სერხიო რამოსი სენსაციურ პროექტს უდგას სათავეში. ის უცხოელ ინვესტორებთან ერთად ცდილობს მშობლიური კლუბის, “სევილიას“ სრულად შეძენას. საუბარია დაახლოებით 400 მილიონი ევროს ინვესტიციაზე, რომლის სახედ და მთავარ ინიციატორად სწორედ რამოსი გვევლინება.
რამოსი სევილიის პროვინციაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბის აკადემიაში დაიწყო. 2005 წელს მან მადრიდის “რეალში“ გადაინაცვლა, სადაც 16 წლის განმავლობაში კლუბის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელად იქცა. კარიერის ბოლოს, 2023–24 წლების სეზონში, რამოსი “სევილიაში“ დაბრუნდა, ხოლო ამჟამად ის თავისუფალი აგენტია. დეკემბერში მან მექსიკური “მონტერეი“ დატოვა.
მნიშვნელოვანია, რომ რამოსი არ იქნება ყველაზე მსხვილი ფინანსური ინვესტორი, თუმცა სწორედ ის ხელმძღვანელობს შეთავაზებას და წარმოადგენს პროექტს საჯარო სივრცეში. წყაროების ინფორმაციით, გარიგებაში ჩართულია ამერიკული საინვესტიციო ფონდი, რომელიც ფინანსური ნაწილის მნიშვნელოვან ტვირთს იტვირთავს.
შეთავაზება გულისხმობს კლუბის 100%-ის შეძენას, თუმცა შეთანხმება დამოკიდებულია ერთ კრიტიკულ საკითხზე - “სევილიას“ რეალურ დავალიანებაზე. კლუბის შიდა წყაროები ვარაუდობენ, რომ ვალი შესაძლოა 180 მილიონ ევროს შეადგენდეს, თუმცა საბოლოო რიცხვი ჯერ უცნობია და ამას მსურველთა მიერ დაკვეთილი გარე აუდიტი დაადგენს.
განსაკუთრებულ დავას იწვევს CVC Capital Partners-ის სესხი, რომელიც ლა ლიგამ 2021 წელს მიიღო. “სევილიას“ და ლა ლიგის პოზიციაა, რომ ეს “მონაწილეობითი სესხი“ ვალად არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა ინვესტორები ამ საკითხს ფრთხილად ეკიდებიან. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო, ამ ეტაპზე 400-მილიონიანი შეთავაზება შესაძლოა, კლუბისთვის საუკეთესო წინადადებაც არ იყოს. თანხა გათვლილია კლუბის ღირებულებაზე ვალების გათვალისწინებით.
“სევილიას“ აქციონერული სტრუქტურა ფრაგმენტულია: დელ ნიდოს ოჯახი ფლობს 24 პროცენტს, “Sevillistas de Nervión“ - 22%-ს, ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კარიონი - 15%-ს, ხოლო “Sevillistas Unidos 2020“ - კიდევ 15%-ს. ეს ნიშნავს, რომ სრული კონტროლის მოპოვება რთულ და დროში გაწელილ მოლაპარაკებებს მოითხოვს.
კლუბის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. 2023–24 წლების სეზონი “სევილიამ“ 81.8 მილიონი ევროს ზარალით დაასრულა, ხოლო 2024 წლის მარტში კლუბმა 108-მილიონიანი სესხი აიღო, რომელიც “გოლდმან საქსმა“ დააორგანიზა.
გარიგების დასრულებას დრო დასჭირდება. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ესპანური წესიც ფეხბურთელს ეკრძალება იმ კლუბში თამაში, რომლის მფლობელიც ან მმართველიც არის. შესაბამისად, თუ ტრანზაქცია გაიწელება, სერხიო რამოსს თეორიულად კვლავ შეეძლება ლა ლიგაში თამაში სხვა გუნდის შემადგენლობაში.




























