მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელები საქართველოში კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად ვეღარ დასაქმდებიან, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი შესაბამისი საქმიანობის ნებართვის აღება მოუწევთ.
ინსორსის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე BM.GE-თან განმარტავს, რომ იმ სფეროებში, სადაც მთავრობა უცხოელების დასაქმებას პრაქტიკულად კრძალავს, მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა დასაქმებული და ეს მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა არ არის.
გადაწყვეტილება ინსორსის მმართველი პარტნიორისთვის ქმნის მოლოდინს, რომ ადგილობრივი მუშახელით უცხოელების დანაკლისის დაბალანსება ვერ მოხდება, რაც სერვისების მიწოდებას მნიშვნელოვნად გაართულებს.
“ზოგადად, საერთაშორისო სატაქსო და საკურიერო მომსახურების ბიზნესები რომ აიღოთ და დაათვალიეროთ, უმეტესწილად უცხოელ სამუშაო ძალაზე დგას ეს კომპანიები. მინიმუმ სამოცი პროცენტი ასეთია.
ახლა, როდესაც ეს კანონი შემოდის ძალაში, ეს გულისხმობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ კომპანიებს მოუწევთ თავისი ბიზნეს მოდელის გადახედვა, რაც გააჩენს დროით ნაპრალსაც და სივრცესაც. უნდა გადახედოს, თავისი სამუშაო ძალის შესავსებად ადგილობრივი ბაზარი რას სთავაზობს. აქ მივდივართ საინტერესო მომენტამდე. ყველა ქვეყანას ხომ თავისი სოციალურ-კულტურული ასეთი ღირებულებები, ხედვები და მახასიათებლები გააჩნია. ჩვენთან თუ ავიღებთ, ყველა ხომ ვსაუბრობდით და ვხუმრობდით - „ორდიპლომიანი ტაქსები“. ძალიან ფასობს უმაღლესი განათლება და არც თუ ისე მიღებულია, ასეთი სამუშაოები.
ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია და არსებობს მზაობა, ადგილობრივი სამუშაო ძალით ჩანაცვლდეს მიგრანტი.
ადგილობრივების მიწოდება არის დაბალი, შესაბამისად ეს ბიზნესისთვის რასაც გამოიწვევს არის რომ მომხმარებელს სერვისის ფასი გაეზრდება, მიწოდება დაგვიანდება. ეს იმიტომ რომ ვერ მოემსახურება არსებული კადრები ამხელა ბაზარს.
ჩემი აზრით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გამოიწვევს ბიზნესების შემცირებას. კომპანიები დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ გეოგრაფიული არეალები შეამციროს.
გადაწყვეტილებას, ერთის მხრივ კი შეიძლება პოპულისტურია და ვიღაცებს მოსწონთ რომ „ქართველი დასაქმდება“, მაგრამ რომელი ქართველი და რამდენი, უფრო სწორად, იტყვის ასეთ სამუშაოზე თანხმობას? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს მკაფიოდ და ჩემი გამოცდილებით და ასევე განცდით და რასაც ვისმენ, რომ „ყველა დედას თავისი შვილი მენეჯერად უნდა“ძალიან მეეჭვება, ამ მასშტაბს ადგილობრივი სამუშაო ძალა მოემსახუროს. ერთი - სოციალურ-კულტურული ფაქტორის გათვალისწინებით, მეორე - ობიექტური სამუშაო ძალის დეფიციტი არსებობს ჩვენს ქვეყანაში,”- ამბობს ინსორსის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.




























