სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების შედეგად ადამიანის ინტოქსიკაციის ფაქტი კლინიკებში არ დაფიქსირებულა. როგორც სააგენტოდან Bm.ge-ს აცნობეს, სპეციალურად შექმნილი გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს მუდმივად სწავლობს, მიმდინარეობს ნიმუშების აღება და კვლევები.
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლა ზემოთ ჩამოთვლილი პრევენციული ღონისძიებების სრული დაცვით ჩატარდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისას შეწამვლითი სამუშაოების შედეგად ადამიანის ინტოქსიკაციის ფაქტი კლინიკებში არ დაფიქსირებულა.
ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, სამეგრელოს რეგიონში აღებული იყო წყლის და ნიადაგის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნაშთები ნორმით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლს არ აღემატებოდა. ანალოგიური კვლევა ჩატარდება გურიის რეგიონშიც“ - აცხადებენ სააგენტოში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მოქმედებს გზავნილების სისტემა, ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბიდან თვითთმართველ ერთეულების წარმომადგენლებს 24 საათით ადრე ეგზავნება. ასევე უშუალოდ წამლობის წინ ხმის გამაძლიერებელით მიმდინარეობს მოსახლეობის გაფრთხილება.ინფორმაცია ქვეყნდება სოციალურ ქსელშიც და ასევე ვებგვერდზე parosana.ge.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა: ფეისბუქის მომხმარებელი წერდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი მოიწამლა, რადგან ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ოზურგეთში პარკში იმ დროს გაუშვეს, როდესაც მისი მეუღლე ორ მცირეწლოვან ბაშვთან ერთად იქ იმყოფებოდა. აღნიშნული ღონისძიებების შესახებ, მისი თქმით, არავის გაუფრთხილებიათ.