მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგადაც 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ. შედეგად კი აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.
მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი. მიმდინარე წლის განმავლობაში კი სააგენტოს 6 000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.
პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).
რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.