სურსათის ეროვნული სააგენტო NDI-ის კვლევის შედეგს აკრიტიკებს. კვლევის მიხედვით, საკვების უსაფრთხოება მოსახლეობის 66%-სთვის პრობლემური საკითხია. სეს-ში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რას ეყრდნობა კვლევის შედეგი. როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, საინტერესოა კვლევის დროს რამდენიმე კითხვა ერთად დაესვათ რესპონდენტებს, თუ ზოგადად ერთი კითხვა იყო დასმული.
"ტერმინი "საკვების უსაფრთხოება" საერთოდ არ არსებობს. არსებობს სურსათის უვნებლობა და სასურსათო უსაფრთხოება. ჩვენ თუ ამ ტერმინში ვგულისხმობთ სურსათის უვნებლობას და არა სასურსათო უსაფრთხოებას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სურსათის უვნებლობა, მაშინ შემიძლია გითხრათ რომ კონკრეტულად ძალიან საინტერესო იქნებოდა დასკვნა საიდან არის გამოტანილი, ანუ აქ რამდენიმე კითხვა იქნა დასმული, რომელიც დამყარებულია ობიექტურ მტკიცებულებებზე თუ უბრალოდ ერთი კითხვა იყო დასმული.
თუ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, კერძოდ, ეტიკეტირების დარღვევაზე, ვადა გასულ პროდუქციაზე ან მოწამვლის საკითხზე და ა.შ, მაშინ ეს დასკვნა გასაგები და უფრო ცხადი იქნებოდა. ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობენ და გამოკითხული მოსახლეობის 66% რატომ თვლის რომ ეს არის პრობლემატური საკითხი“, - აცხადებს გიორგი მიქაძე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.

























