სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ხელშესახები შედეგები აქვს, – ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას. მინისტრმა აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტზე სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიშის მოსმენის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც სააგენტოს 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ანგარიში სხდომაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა წარადგინა. მან კომიტეტის წევრებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სააგენტოს საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ფიტოსანიტარიას. თითოეულ მათგანში „ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგებია“ მიღწეული.
“მოგეხსენებათ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს საქმიანობას სურსათის უვნებლობის მიმართულებით, ვეტერინარიის მიმართულებით, ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამივე მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ხელშესახები და მნიშვნელოვანი შედეგები, რაც წარვუდგინეთ დღეს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს და ზუსტად პარლამენტის კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი განვახორციელოთ ის რეფორმები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს და მხოლოდ მათი გვერდში დგომით არის შესაძლებელი, რომ ის ხელშესახები შედეგები, რომელიც ამ თითოეული მიმართულებით გვაქვს, იყოს მიღწევადი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება თითოეული მიმართულებით”, - თქვა მან.
სეს-ის უფროსმა კომიტეტის გასვლით სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
როგორც მან აღნიშნა, 2026 წელს სააგენტომ არარეგისტრირებული საწარმოების კონტროლი გაააქტიურა. ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა 105 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს, მათ შორის რძის გადამმუშავებელი საწარმოები, საქონლის და ფრინველის სასაკლაოები, კვების ობიექტები, პესტიციდების და აგროქიმიკატების მაღაზიები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სააგენტოს მომსახურების გაციფროვნების პროცესი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საჯარო არ არის.




























