მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სესხების დაბალი ათვისებისთვის ქვეყანამ დამატებით ₾4.7 მლნ გადაიხადა - გამოწვევები კაპიტალურ პროექტებში

გზები

საქართველოში კაპიტალური პროექტების შესრულების ტემპები კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, კაპიტალური პროექტების ფაქტობრივი დანახარჯების გეგმიდან გადახრა ტენდენციური ხასიათისაა.

კერძოდ, ჩატარებული ანალიზით, 2015-2025 წლების გეგმები შედარდა შესაბამისი წლების ათვისების მაჩვენებლებს, რამაც აჩვენა, რომ კაპიტალური პროექტების დაგეგმვასთან/მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები სისტემური და განგრძობადია, ვინაიდან წლიდან წლამდე ადგილი აქვს როგორც ნულოვანი, ასევე დაბალი ათვისების მქონე პროექტების არსებობას.

როგორც საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მთავრობის ანგარიშზე აუდიტის მოხსენებაში წერია, დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 2024-2025 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ნულოვანი ათვისების კაპიტალური პროექტების წილი. თუმცა, 80%-ზე დაბალი ათვისების პროექტების წილი 2025 წლისთვის წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.

როგორც აუდიტი მიუთითებს, საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ათვისების ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო კრედიტით დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. შესაბამისად, ასეთი პროექტების დაბალი ტემპებით განხორციელება და კრედიტის აუთვისებლობა საბოლოოდ ქვეყანას სესხის მომსახურებას უძვირებს. როგორც ირკვევა, აღნიშნულ სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4.7 მლნ ლარის ვალდებულების გადასახადი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ 2024 წელს 4 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი გადაიხადა.

"2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 94 ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხასიათდება გეგმიდან გადახრით. მათ შორის, 32 პროექტის შემთხვევაში ათვისებულია საბოლოო გეგმით გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები, ხოლო 12 პროექტის ბიუჯეტის ათვისებამ 20%-ზე მეტით გადააჭარბა გეგმურ მაჩვენებელს. მხოლოდ 41 პროექტის შემთხვევაშია ათვისების მაჩვენებელი 80%-120%-იან დიაპაზონში. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში გეგმიდან გადაცდომას განგრძობადი ხასიათი აქვს",- წერია მოხსენებაში.

5 საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი, რომლებსაც 2025 წელს გეგმასთან მიმართებით ყველაზე დაბალი, 20%-ზე ნაკლები ათვისება ჰქონდა შემდეგია:

  • მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება (ADB) - გეგმა 1 მლნ ლარი/ათვისება 0%
  • თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი (EBRD) - გეგმა 1.5 მლნ ლარი/ათვისება 4.4%
  • სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - გეგმა 60 მლნ ლარი/ათვისება 12%
  • ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია (EIB) - გეგმა 31.3 მლნ ლარი/ათვისება 13.6%
  • პროფესიული განათლება I (KfW) - გეგმა 6.6 მლნ ლარი/ათვისება 17.2%

2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონებით განსაზღვრული გეგმების მიმართ
დაბალი ათვისების მქონე საინვესტიციო პროექტები კი შემდეგია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები