თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ სესხებს სახელმწიფო ვალად იღებს და თუ არ იქნება ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, სესხს აიღებს სხვაგან.
საქმე ის არის, რომ დონორები მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტების დაფინანსების გარკვეულ რისკებს ხედავენ. BMG დაინტერესდა, რამდენად დიდია დონორების დაფინანსებული პროექტების წილი და ხომ არ დგას რომელიმე პროექტი რისკის ქვეშ.
„ალბათ სესხებზე მეკითხებით ხომ? სესხი არის ფინანსური ნაწილი და ამას ვალად იღებს სახელმწიფო. არ იქნება ის კონკრეტული ორგანიზაცია? ავიღებთ სხვაგან. არ იქნება პრობლემა, თუმცა ის მესიჯები და კამპანია, რასაც ბოლო თვეებში ვისმენდით, არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გამჭვირვალობის კანონთან. გამჭვირვალობის კანონი აქ არაფერ შუაშია. პრობლემა არის ორი რამ - საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და საქართველომ არ დაიწყო ომი - არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. დანარჩენი, რასაც საუბრობენ, არის შეფუთვის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის დამოკიდებულება, ეს არის რეალობა. დღესაც არის რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი. ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს დაწყებული, უპრობლემოდ გრძელდება და განხორციელდება“, - თქვა კალაძემ.