მიუხედავად ავტომობილებზე მოთხოვნის დროებითი შენელებისა, ბაზარი ადაპტაციას მაინც მოახერხებს, ხოლო ლიზინგზე მოთხოვნა, ფინანსური დეფიციტის შევსების მიზნით, კიდევ უფრო გაიზრდება - ამის შესახებ BMG-სთან „კრისტალ ლიზინგის“ დირექტორი კახა გაბესკირია საუბრობს.
მისი განმარტებით, ბაზარი ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა და ავტომობილების ბაზარზე სააქციზო პოლიტიკის ცვლილებამ და მოლოდინებმა სექტორში ახალი დინამიკა გააჩინა.
„ზოგადად, ნებისმიერ ცვლილებას ბაზარზე მომხმარებლის ქცევის შეცვლა მოჰყვება. შესაბამისად, მომხმარებელი მეტ-ნაკლებად მარტივად ადაპტირდება, ალტერნატიულ გზებს ეძებს ხოლმე. აღნიშნულ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ის, რომ დროებით შეიძლება გაიზარდოს 2020 წლამდე შემოყვანილ მანქანებზე მოთხოვნა, თუმცა მათი რაოდენობა მაინც ლიმიტირებულია. ამიტომ ახლად იმპორტირებული მანქანების ნაწილში მოთხოვნა მაინც იარსებებს. თუმცა ახალი მანქანებში არის ერთი მოსალოდნელი ტენდენცია - რომ შეიძლება შედარებით დაბალი კლასის ავტომობილები შემოიყვანონ ან შეიძლება უფრო დაზიანებული ავტომობილები - ხარჯების კომპენსაციის მიზნით.
ზოგადად, ფასების მატება კი, გამოიწვევს ფულის დეფიციტის შესავსებად ალტერნატიული გზების მოძიების საჭიროებას, და დიდი ალბათობით, გაჩნდება მოთხოვნა როგორც ლიზინგის, ასევე სესხების მიმართულებით“, - აცხადებს BMG-სთან კახა გაბესკირია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის წლის მეორე ნახევარი პასიური იყო, მიმდინარე წლის მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„შეინიშნება გააქტიურება არა მხოლოდ მომხმარებლების მხრიდან, არამედ სიგნალები უკვე ადგილობრივი დილერებისგან მოდის - მოთხოვნა არსებობს მძიმე ტექნიკაზე და სამშენებლო ტექნიკაზე. განსაკუთრებით ფლაგმანი არის მაინც სამშენებლო სექტორი და სამშენებლო სექტორისთვის საჭირო ძირითად საშუალებებზე მოთხოვნა. ეს, ალბათ, ასე შენარჩუნდება“, - განმარტავს გაბესკირია.
რაც შეეხება გამოწვევებს, „კრისტალ ლიზინგში“ განმარტავენ, რომ ეს უმთავრესად, ენერგომატარებლებისა და საწვავის ფასია.
„შეიძლება, ჩვენს მომხმარებლებს, მეწარმეებს საოპერაციო ხარჯები კიდევ ერთხელ გაუძვირდეთ. ამან შეიძლება, მათ მოგებიანობაზე გარკვეული გავლენა იქონიოს, ხოლო მოგებიანობის გაუარესებამ შეიძლება სხვა ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად, გადახდისუნარიანობის შემცირება. გვქონია მსგავსი პრეცედენტები, როდესაც ენერგომატარებლებზე ფასებმა მოიმატა, საწვავის ფასი - დიზელის იქნება ეს თუ ბენზინის - გაიზარდა. შესაბამისად, ეს ამცირებს მარჟებს და მოგებას უმცირებს მეწარმეებს“, - ამბობს კახა გაბესკირია.




























