"შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტების დაწესება ჩემი აზრით, გონივრულია", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია BM.GE-სთან აცხადებს.
მას მიაჩნია, რომ მიუხედავად რისკებისა, სესხის მომსახურების პროცესში შემოსავლების გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს.
"აქ არსებობს რა თქმა უნდა რისკები, როდესაც ამ შეზღუდვას შემოიტან, შესაძლებელია არასაბანკო სექტორში გადავიდეს დაკრედიტებისადმი მოთხოვნილება, მაგრამ ეს პროცესი გამოწვევაა და უნდა იმართებოდეს. ჩვენ ბანკებს დავუტოვოთ იმის უფლება, რომ მხოლოდ გირავნობის საფუძველზე გასცენ სესხები იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს შემოსავალი არ აქვს, ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ოდნავ გახანგრძლივდება ამ პრობლემის მოგვარება და მაინც ის პრობლემა დადგება ერთი თუ ორი თვის შემდეგ, რომ დარჩება უსახლკაროდ. ამას ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევეხიდოთ. თუ სუფთა საბაზრო პრონციპით მივუდგებით, შეიძლება ეს არ იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ შედეგებიდან რაც დგება. სავალუტო ფონდის რეკომენდაციებშიც იყო ეს, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტების დაწესება, ჩემი აზრით, გონივრულია", - აცხადებს რომან კაკულია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც საფინანსო ინსტიტუტები ფიზიკურ პირებზე სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. საუბარია, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოზე“, რომლითაც სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები უნდა განისაზღვროს.

























