მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის აღებისას ოჯახის წევრების გარდა, პირის თანამსესხებლები, შესაძლოა, სხვა ადამიანებიც იყვნენ

5bc1c9c48d1d0
თელარა გელანტია
13.10.18 14:22
4508
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების საბოლოო ვარიანტი, ჯერჯერობით, ცნობილი არაა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული დებულების პროექტით ირკვევა, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა მკაცრდება.

გამომდინარე იქიდან, რომ დებულების თანახმად, ეროვნული ბანკი სესხის გამცემ ორგანიზაციებს და შესაბამისად, ფიზიკურ პირებს „სესხის მომსახურეობის კოეფიციენტს“ (PTI) უსაზღვრავს, ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალურია კითხვა - ვინ შეიძლება იყოს პირი თანამსესხებელი, როცა მოქალაქეს სურს სესხის აღება, მაგრამ მისი შემოსავალი საკმარისი არაა სასურველი კრედიტის დასამტკიცებლად.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტში წერია, რომ „თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი“.
ამავე დებულებაში „საოჯახო მეურნეობის“ განმარტებაცაა მოცემული:

„საოჯახო მეურნეობა - ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ფიზიკური პირების ერთობლივი მეურნეობა, რომლის განსაზღვრაც ხდება სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“.

Bm.ge-მ გადაწყვიტა დაეზუსტებინა - შინაარსობრივად „საოჯახო მეურნეობა“ არის თუ არა „ოჯახის“ სინონიმი, რადგან სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების და განმარტებების თანახმად, აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, პირის თანამსესხებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ოჯახის წევრი.

კანონის თანახმად კი, ოჯახის წევრი შეიძლება იყოს მეუღლე, შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

რეალურად, ვინ შეიძლება იყოს პირის თანამსესხებელი? - ამ კითხვაზე კომპეტენტური განმარტებების მისაღებად bm.ge-მ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს მიმართა.

- ბატონო ალექსანდრე, რატომ გაჩნდა ფიზიკური პირებზე სესხების გაცემის დებულებაში ტერმინი „საოჯახო მეურნეობა“ და რითი განსხვავდება ის ტერმინ „ოჯახისგან“?

- მოგეხსენებათ, საკანონმდებლო დონეზე „ოჯახის“ ტერმინი საკმაოდ შევიწროებულია ანუ ოჯახში მოიაზრება მეუღლე და შვილები; აქედან გამომდინარე, თქვენ თუ საოჯახო მეურნეობა გაქვთ, სადაც ნათესავებიც ცხოვრობენ ან სხვა ადამიანები, მათ ვერ გააერთიანებთ ოჯახში, შესაბამისად, ისინი არ ითვლებიან ოჯახის წევრებად. სწორედ ამიტომ იქნა შემოტანილი ტერმინი - „საოჯახო მეურნეობა“. რეალურად, საუბარია შემდეგზე: როცა ერთიანი ბიუჯეტი აქვს საოჯახო მეურნეობას და პირები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ხარჯვითი კალათა საერთო აქვთ; ამ შემთხევევაში, მსესხებლის და თანამსესხებლის შემოსავალი ერთიანად გაითვალისწინება და სესხის მომსახურების კოეფიციენტი ანუ თვეში შემოსავლის რამდენი პროცენტი უნდა მიდიოდეს კრედიტის მომსახურებაზე, ერთიანი შემოსავლის მიხედვით დაიანგარიშება. მაგალითად: თუ თქვენი შემოსავალი 100 ლარია, თქვენი დის ან ძმის კიდევ - 100 ლარი, სესხის მომსახურების კოეფიციენტი დაიანგარიშება ერთიანი შემოსავლიდან ანუ 200 ლარიდან. მსგავსი მიდგომა ვრცელდება საოჯახო მეურნეობის სხვა წევრებზე და სავალდებულო არაა, რომ ეს იყოს აუცილებლად ოჯახის წევრი ანუ მეუღლე ან შვილები...

- ანუ შინაარსობრივად ოჯახი არ უდრის საოჯახო მეურნეობას?

- დიახ, ასეა - ოჯახი არ უდრის საოჯახო მეურნეობას; როგორც უკვე განვმარტე, ოჯახი ვერ განსაზღვრავდა ყველა ადამიანს, ვინც შეიძლება სოჯახო მეურნეობაში მოიაზრებდოეს. ამიტომ გაჩნდა ტერმინი „საოჯახო მეურნეობა“.

- რომ დავაზუსტოთ - საოჯახო მეურნეობის წევრი მეუღლის ან შვილების გარდა შეიძლება იყვნენ სხვა ადამიანებიც? მაგალითად, მეგობარი?

- დიახ, საოჯახო მეურნეობის წევრი შეიძლება იყოს მეგობარიც და შესაბამისად, ის შეძლებს იყოს პირის თანამსესხებელი.

- შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დებულება ამ სივრცეს/თავისუფლებას ნამდვილად ტოვებს?

- დიახ, ტოვებს... იცით, რეგიონებშია ხოლმე ხშირად, როცა ნათესავები ცხოვრობენ ერთად და ერთი შემოსავალი აქვთ; ისინი ჩაითვლებიან საოჯახო მეურნეობის წევრებად და შეძლებენ იყვნენ ერთმანეთის თანამსესხებლები.

- როგორც სებ-ის მიერ შემუშავებული დებულების პროექტში წერია, „საოჯახო მეურნეობის, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ფიზიკური პირების ერთობლივი მეურნეობის განსაზღვრაც ხდება სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“ ანუ კომერციული ბანკის დისკრეციად რჩება ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ადამიანებს როგორ ჩაუთვლიან, არიან თუ არა საოჯახო მეურნეობის წევრები და შესაბამისად, აქვთ თუ არა უფლება იყვნენ ერთმანეთის თანამსესხებლები?

- დიახ... საფინანსო ორგანიზაციებმა შიდა პროცედურებით უნდა გაწერონ, როგორ უნდა გადამოწმდეს, რომ პირი, რომელსაც სურს იყოს სესხის ამღების თანამსესხებელი, ნამდვილად იმ კონკრეტული პირის საოჯახო მეურნეობის წევრია ანუ ნებისმიერი ორი ადამიანი შეიძლება მოვიდეს და თქვან, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ... ამიტომ ბანკის შიდა პროცედურით იქნება განსაზღვრული, როგორ უნდა შემოწმდეს, რომ ეს საოჯახო მეურნეობაა; სხვადასხვა მეთოდია - ერთ-ერთი შეიძლება იყოს ადგილზე ვიზიტი.

- პირის თანამსესხებლად ჩათვლა-არჩათვლის ნაწილში ეროვნულ ბანკთან დამატებითი ვალდებულება გექნებათ?

- ეროვნულ ბანკთან შევათანხმებთ მხოლოლდ პროცედურას...

- ისე, როგორია გავრცელებული პრაქტიკა და რამდენადაა ცდომილების რისკები ვგულისხმობ, როგორ მოხდება შემოწმება - რეალურად მეგობართან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ თუ მხოლოდ სესხის აღებისთვის მივიყვანე საფინანსო ორგანიზაციაში ან დროებით ვცხოვრობთ ერთად?

- ცდომილებების შანსები არსებობს... აქამდე ამის გადამოწმების ვალდებულება არ არსებობდა. თქვენ თუ ორივე იღებდით ვალდებულებას სესხის გადახდაზე, შესაძლებელი იყო, რომ ორივეს შემოსავალი გათვალისწინებული ყოფილიყო, აქედან გამომდინარე, „თანამსესხებლის“ ტერმინიც ახალია.

- ბატონო ალექსანდრე, გავრცელდა დებულების ასეთი განმარტებაც, რომ თითქოს თანამსესხებელი უნდა იყოს იმ ქონების მესაკუთრეც, რომელსაც პირი ყიდულობს. ასეა?

- არა, ასეთი მოთხოვნა არაა.

- რომ შევაფასოთ, თანამსესხებელსა და საოჯახო მეურნეობაზე დებულების პროექტში არსებული ჩანაწერები რამდენად ხისტია ან პირიქით - რბილი?

- თანამსესხებლის ცნება შემოტანილია იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლის გაერთიანება მომხდარიყო ანუ სხვა მიზანი ამას არ ჰქონია; აქამდე თუ შეგეძლოთ, თქვენ რომ ბინის შეძენისას ვინმე თანამსესხებლად დაგეყენებიანთ და შემოსავალი გათვალისწინებულიყო, ახლა თავდები საერთო შემოსავლის გათვალისწინებას ვეღარ შეძლებს, მაგრამ თავდების შემოსავალში თქვენი გადასახდელი იქნება გათვალისწინებული.

- თავდებობის ინსტიტუტს ანაცვლებს თანამსესხებელი?

- არა, არ ანაცვლებს. რეალურად, თავდებობის გაფორმება ძლიან რთული იქნება ანუ თუ თქვენი თავდები ვერ აკმაყოფილებს იგივე შემოსავლებით იგივე სესხის უზრუნველყოფას, ის ვერ იქნება თქვენი თავდები და თუ არის თავდები და სესხის მომსახურების კოეფიციენტების ლიმიტი შევსებული აქვს, თავად სესხს ვერ აიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები