ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეებსა და ბიზნესებზე გასცემენ სესხებს ეროვნულ ბანკში რეგრისტრაციისთვის ვადა 2019 წლის 30 აპრილამდე აქვთ.
თუ კომპანიები სებ-ში არ დარეგისტრირდებიან, მათ მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნებათ.
კანონმდებლობის მიხედვით, სესხის გამცემ სუბიექტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ პირებს სარეგისტრაციოდ ვადა 31 მარტამდე ჰქონდათ.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით:
“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.”

























