მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამით ზაქარია ქუცნაშვილის სასტუმრომაც ისარგებლა

5fe7966d9a5aa
თელარა გელანტია
27.12.20 00:00
5133
საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის სესხის პროცენტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებში ბენეფიციარს ლარში სესხის პროცენტის - 80%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში სესხის პროცენტის 70%-ს უსუბსიდირებენ, ამ დროისთვის 1 554 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს. საქმე იმაშია, რომ თუ ბიზნესუბიექტი პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, მას შეიძლება 2, 3 ან 4 სხვადასხვა სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდეს. შედეგად, დაფინანსებული განაცხადების/სესხების რაოდენობა უნიკალური ბენეფიციარების/სასტუმროების რიცხვს აჭარბებს.

ყოფილი პარლამენტარი, ი/მ ზაქარია ქუცნაშვილი ერთ-ერთია პროგრამის იმ 1 554 ბენეფიციარს შორის, რომელსაც სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდა. კერძოდ, როგორც ბენეფიციარების ვინაობის შესახებ bm.ge-ის მიერ სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, ი/მ ზაქარია ქუცნაშვილს ორი სხვადასხვა სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდა.

საქმე იმაშია, რომ ცნობილი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა პოლიტიკიდან სასტუმრო ინდუსტრიაში გადაინაცვლა. Bm.ge ადრე წერდა, რომ ის თბილისში აღმაშენებლის გამზირზე სასტუმროს ამოქმედებას გეგმავდა, რომელიც გახსნა კიდეც, მაგრამ მალევე პანდემია დაიწყო და ბევრი ტურისტის მიღება ვერ მოასწრო.

სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას სახელისუფლებო გუნდის ყოფილი წევრი დადებითად აფასებს. ჩვენთან ინტერვიუში ზაქარია ქუცნაშილმა თავი შეიკავა დაესახელებინა, რა მოცულობის სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რადგან თვლის, რომ „ეს კონფიდენციალურია“, ისევე როგორც - სასტუმროს ნომრების რაოდენობა, მაგრამ თქვა, რომ ორივე სესხი სესხი დოლარში ჰქონდა აღებული.

„ეს ძალიან კარგი პროგრამაა იქიდან გამომდინარე, რომ ახალაშენებული ობიექტების მფლობელებს ეხმარება სესხის მომსახურებაში. მოგეხსენებათ, 2018-2019 წლებში სასტუმრო ინდუსტრია ძალიან წრაფად გაფართოვდა და ბუნებრივია, ბევრი სასტუმროს მფლობელს მოუწია საკრედიტო რესურსის აღება, რათა საქმიანობა წამოეწყო ან გაეფართოვებინა.

მართალია, აღნიშნული პროგრამა სესხის პროცენტის 70%-ს აფინანსებს, ხოლო ძირი და დაზღვევის მომსახურება მსესხებელს უწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც კარგია. თან მეწარმეს აქვს არჩევანის თავისუფლება და შეუძლია, 100%-ით დაფაროს სესხის პროცენტი, ოღონდ ამ შემთხვევაში, 6-თვიანი პროგრამა ყოფნის 3 ან 4 თვე, მაგრამ ესეც ძალიან სერიოზული შეღავათია ამ ბიზნესისთვის, რომელსაც სტუმრის არარსებობის გამო ძალიან უჭირს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„თბილისის ისტორია“ - ასე ჰქვია ზაქარია ქუცნაშვილის სასტუმროს, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. როგორც თავად მფლობელმა გვითხრა, სასტუმრო ბუტიკური ტიპისაა და მე-19 საუკუნის დიზაინშია გაკეთებული. „შევუნარჩუნეთ ისტორიული იერსახე, შენობის შინაარსიდან გამომდინარე“, - ამბობს ქუცნაშვილი.

ცნობისთვის: საუბარია, ტურგენევის ქუჩის #2 და #4 ნომერში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელშიც ყოფილმა დეპუტატმა ჯამში, 271 000 დოლარი და 500 ლარი გადაიხადა. ზაქარია ქუცნაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 230,000 დოლარის იპოთეკური სესხი აიღო. უძრავი ქონების საერთო ფართობი 915 კვადრატული მეტრია.

მიმდინარე წლის თებერვალში ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს, თან - უკონკურსოდ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები