მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სეზონი ჩაგვივარდა“ - სათხილამური ბანაკები ბაკურიანში

61d57ca96dfe6
ნინი ლონგურაშვილი
05.01.22 16:09
775
ბაკურიანში საბაგიროები კვლავ ნაწილობრივ არის ჩართული. როგორც ადგილზე მყოფი დამსვენებლები bm.ge-ს უყვებიან, იძულებული არიან, მხოლოდ პატარა ტრასებზე ისრიალონ, რადგან „დიდველსა“ და „კოხტაზე“ მოთხილამურეებისთვის საბაგირო დაკეტილია. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ საბაგიროები გახსნილია მხოლოდ ფეხით ასვლის მსურველთათვის, რომლებიც თხილამურების გარეშე სრიალებენ, რადგან ბაკურიანში თოვლი არასაკმარისია და შესაბამისად, სეზონიც არ გახსნილა.

bm.ge სამთო-სათხილამურო ბანაკ “იქსტრიმს” დაუკავშირდა, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ვითარება ბიზნესისთვის ხელის შემშლელია, რადგან იანვრის პირველი ნახევარი მათი საქმიანობისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია.

“ეს ვითარება ძალიან ხელის შემშლელია, ბავშვები ფაქტობრივად ვერ სრიალებენ. ჩვენ ვცდილობთ, სადაც პატარა საბაგიროა იქ წავიყვანოთ, სხვა შემთხვევაში სეზონი ჩავარდება. ამ პრობლემის მიუხედავად, დღეს ბაკურიანში ხალხის რაოდენობა მაინც ბევრია, თუმცა რამდენი ხანი გაგრძელდება ასე არავინ იცის. გასულ წელს საერთოდ გაჩერებული ვიყავით, წელს ვმუშაობთ, მაგრამ მოთხილამურეების რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით 20%-ით“, - ამბობს bm.ge-სთან თინა რაზმაძე, “იქსტრიმის” დამფუძნებელი.

bm.ge კიდევ ერთ სათხილამურო ბანაკს დაუკავშირდა, კლუბ “I - SKY -ს დამფუძნებელი დეა წამალაშვილი ამბობს, რომ უთოვლობის გამო კომპანიას სეზონი ჩაუვარდა.
“ეს პერიოდი ყველაზე აქტიურია სამთო-სათხილამურო ბიზნესებისთვის, რადგან დასვენების დღეებია და სწორედ ამ დროს გვყავს ძირითადად ბავშვები. ბაკურიანში მოთხილამურეებისთვის საბაგიროები გაჩერებულია და თოვლიც არასაკმარისია, ამიტომ სეზონი ჩაგვივარდა. არც ის ვიცით თოვლი როდის მოვა და არც ის, ტრასებს როდის გახსნიან, არაპროგნოზირებადია სიტუაცია, ვერ ვრისკავთ, რის გამოც სეზონი ჩაგვივარდა“, - ამბობს დეა წამალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები