მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეზონური დაბეგვრა და შეღავათიანი სესხები - რეალობა სასტუმროების ბიზნესში და გზავნილი მთავრობას და ბანკებს|ინტერვიუ

მაია წერეთელი

“სასტუმროების ბიზნესში ვადაგადაცილებული სესხები იმის უტყუარი მაჩვენებელია, რომ ბიზნესები ვერ ახერხებენ დროულად სესხების დაფარვას... სახელმწიფომაც ალბათ უნდა იფიქროს ტურიზმის პრიორიტეტულ რეჟიმში მოქცევაზე”, - ამ თემაზე სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ბიზნესსექტორში რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორშია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ამ ინდუსტრიაში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია. კერძოდ: 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 135 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 4.6%-იან ვადაგადაცილებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 3%-ს შეადგენდა. ამასთან, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია, მთლიანად სექტორის სესხების მოცულობა კი შემცირებულია. 2025 წლის მაისში პორტფელის ზომა 3.2 მილიარდი ლარი იყო და ის ერთ წელიწადში 2.9 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც 8%-იანი კლებაა.

მაია წერეთელი სასტუმროების სექტორში რამდენიმე ძირითად ტენდენციას გამოყოფს, რომელთა შორისაა: ბაზრის გაჯერება სასტუმროებით, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების არასაკმარისი რაოდენობა და საგარეო შოკებისადმი მგრძნობელობა.

ინტერვიუ მაია წერეთელთან

- სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის საკრედიტო პორტფელის ზომა როდესაც თითქმის სამი მილიარდი ლარია, 135 მლნ ლარის ვადაგადაცილება საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ რადგან მზარდია, თქვენი შეფასებით, რა იმალება მშრალი რიცხვების მიღმა - რა არის ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი?

- ტურიზმის სფერო განსაკუთრებით სენსიტიურია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ცვლილებების გამო. არცერთი ბიზნესი ისეთ დონეზე არ ზიანდება, როგორც ტურიზმი. ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს. ხშირად ხდება, რომ სასტუმროები სავსეა ჯავშნებით, თვეებით ადრე ვხედავთ საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს და ერთი პატარა ტურბულენტობაც კი მინიმუმამდე ჩამოიყვანს ხოლმე ჯავშნების რაოდენობას. ცხადია, ამიტომ, სახელმწიფომაც ალბათ უნდა იფიქროს რაიმე პრიორიტეტულ რეჟიმში ტურიზმის მოქცევაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ტურიზმი წამყვანი დარგია და როდესაც საუბარია ტურიზმის ასეთი ტიპის ვარდნებზე და ტურბულენტობაზე, შესაბამისად, ის მთელ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამიტომ ვფიქრობ, სესხებიც უპირველესი და უტყუარი მაჩვენებელია იმის, რომ ბიზნესები ვეღარ ახერხებენ დროულად ვალდებულებების დაფარვას იმ ჯავშნების გაუქმების ფონზე, რასაც იწვევს ხოლმე მსგავსი მოვლენები. ჩვენ, საბედნიეროდ, არ ვართ ერთადერთი გამონაკლისი. ახლახან ვესწრებოდი „მერიოტის“ ქსელის სასტუმროების საკმაოდ დიდ კონფერენციას, სადაც 800-მდე სასტუმრო იყო წარმოდგენილი ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ფარგლებში. წარმოიდგინეთ, აღმოსავლეთის სასტუმროებს განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა ასეთმა ცვლილებებმა, ასე რომ, ეს გლობალური პრობლემაა…

- რადგან ახსენეთ, რომ კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სასტუმროების პრიორიტეტულ რეჟიმში მოქცევა კარგი იქნებოდა – რა სახის მხარდაჭერას ისურვებდით სახელმწიფოსგან? მაგალითად, გადასახადების გადავადების ინიციატივა ხშირად მოდის სასტუმროების სექტორისგან, მაგრამ - უშედეგოდ.

- ზოგადად, თუ სესხების ნაწილს დავუბრუნდებით, სავარაუდოდ, შეღავათიანი სესხების მიდგომა უნდა გახანგრძლივდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმები ქვეყნის მასშტაბით არსებობს, ვფიქრობ, ბანკებსაც უნდა ჰქონდეთ ეს მოტივი - ვინაიდან ტურიზმი პრიორიტეტული დარგია, ასეთ სფეროში სესხის გაცემა სხვა პროცენტულ მაჩვენებლებთან უნდა ასოცირდებოდეს. ალბათ, სახელმწიფოს თანადაფინანსების მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს… რაც შეეხება საგადასახადო და სხვადასხვა პრიორიტეტულ შეღავათებს, ჩვენ მაინც ვრჩებით სეზონურ ქვეყნად, სადაც სეზონურობა სერიოზულ გამოწვევად რჩება. როგორც კი სეზონს თავს დავაღწევთ ხოლმე, მოდის ივნისი, როცა ქონების გადასახადი ერთვება. ამიტომ ვფიქრობ, განსაკუთრებით რეგიონში მდებარე სასტუმროებისთვის - სადაც სეზონურობა მკვეთრად შესამჩნევია - რაღაც შეღავათები უნდა გაკეთდეს. თბილისს სეზონურობა მეტ-ნაკლებად ეხება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც რეგიონებს, სადაც წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6 თვეა მაღალი სეზონი, დანარჩენი კი, ფაქტობრივად, ლამის მკვდარ სეზონად ითვლება პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის. შესაძლოა, დიდ სასტუმროებს ან საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მყოფ ოპერატორებს არ ჰქონდეთ ასეთი ძლიერი გამოწვევა, რადგან მათ მეტი ფინანსური რესურსი აქვთ და იმდენად დამოკიდებულები არ არიან სესხებზე, მაგრამ აი, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ კონტექსტში მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.

- პირველი არ ხართ, ვისაც მიაჩნია, რომ კარგი იქნებოდა იგივე სეზონურ დაბეგვრაზე გადასვლა, გადასახადების დიფერენცირება და ა.შ. თუმცა ან ინდუსტრია ვერ ამბობთ ძალიან ხმამაღლა და ერთიანად თქვენს სათქმელს ან სახელმწიფო ვერ ხედავს ამას აშკარად.

- ნამდვილად გეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი მესიჯები უნდა მიდიოდეს სახელმწიფოს მხარეს, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს… ჩვენ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ წინა წლებში, პანდემიის დროს, სახელმწიფომ გადაავადა ქონების გადასახადი და იყო ძალიან ბევრი ისეთი ტიპის დახმარება, რამაც ფაქტობრივად, გადაარჩინა ბიზნესები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი კონფლიქტი, საბედნიეროდ, დიდხანს არ გაგრძელდა (იგულისხმება ირანსა და აშშ-ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტი), მან მაინც განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს მიზნობრივ ბაზრებს. მაგალითად - ისრაელს, ნაწილობრივ იმ ქვეყნებს, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ისრაელთან, შუა და ახლო აღმოსავლეთს. ფრენები გადაიდო, გაუქმდა ჯავშნები... ჩვენ ბრენდისგან რეკომენდაციაც კი მივიღეთ, რომ თუნდაც სავალდებულო გაუქმების თანხებიც კი არ გადაეხადათ სტუმრებს. ცხადია, სასტუმროები ამას დაეთანხმნენ, ვინაიდან თითქმის ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ფინანსურ შედეგებზე ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა იქონია.

- ძირითადად, საგარეო შოკებით გამოწვეულ გამოწვევებზე გაამახვილეთ ყურადღება. ვისაუბროთ შიდა პრობლემებზეც - ამ მხრივ რა ტენდენციას ატყობთ? ისევ და ისევ დაკრედიტების სტატისტიკას რომ შეხვედოთ - გაჯერდა საქართველოს ბაზარი სასტუმროებით და ამიტომ აღარ არის ეს სექტორი ბანკებისთვის მიმზიდველი, თუ მივდივართ ცნობილ პრობლემასთან, რომ სასტუმრო ოთახების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმ ტურისტების რიცხვი, ვინც რეალურად სასტუმროებში რჩება?

- რამდენიმე ერთმანეთზე გადაჯაჭვული მექანიზმი მოქმედებს. ერთი სწორი დასკვნა, რაც თქვენ გააკეთეთ, არის ის, რომ ბაზარი ნამდვილად გაჯერებულია სასტუმროებით - ანუ მიწოდება ბევრად მეტია, ვიდრე მოთხოვნა ამ ეტაპზე, რადგან ტურბულენტურ ზონაში ვართ და პოლიტიკური სიტუაცია ცვალებადია. გარდა ამისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ადამიანებს იმ რაოდენობითა და მასშტაბით აღარ აქვთ გადაადგილების სურვილი, როგორც - ადრე. ინვესტორებმაც გააცნობიერეს, რომ სასტუმრო ბიზნესი არ არის ის სფერო, საიდანაც მოგებისა და ფულის შეუწყვეტელი ნაკადი მოდის. ამ მოვლენებმა სასტუმრო აღარ გახადა ისეთი მიმზიდველი საინვესტიციოდ, როგორც აქამდე იყო. მიწოდების გაზრდის გამო, ჩვენი ადგილობრივი ფასებიც დასტაბილურდა – თუ ადრე ნომრებს მაღალ ფასად ვყიდდით, ახლა გადავინაცვლეთ საშუალო სეგმენტში, სადაც იძულებულები ვართ, ბაზრის მოთხოვნას მოვერგოთ. აღარ ჩამოდის მაღალგადამხდელი სტუმარი იმ რაოდენობით, რა ფუფუნებაც ადრე გვქონდა. თუმცა ბანკებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ აკლიათ ისეთი კონსულტანტები ან შტატის თანამშრომლები, რომლებიც კარგად ერკვევიან სასტუმროებში. ეს ძალიან სპეციფიკური სფეროა, თავისებური ცოდნა სჭირდება ფინანსურ ნაწილშიც - ბიზნესი მხოლოდ ჩვეულებრივ მოგება-ზარალზე არ არის დამოკიდებული. იმისთვის, რომ სასტუმრო კონკურენტუნარიანი იყოს და მოგებაზე იმუშაოს, სპეციფიკური ექსპერტიზაა საჭირო. კარგი იქნება, ბანკებიც თუ გაიძლიერებენ ფრთას ამ მიმართულებით... ხშირად მიფიქრია: ბანკებს ისეთი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, რომ... ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, თუმცა საბანკო სექტორის ასეთი განსაკუთრებული წარმატება ხშირად კონტრპროდუქტიულია სხვა დარგებისთვის. ისინი ხომ სწორედ ამ სესხების ხარჯზე არსებობენ და, ფაქტობრივად, სხვა ბიზნესები არათანაბარ, მძიმე რეჟიმში ჰყავთ ჩაყენებული. ამიტომ, სესხის პროცენტებზე სახელმწიფომ, ალბათ, სერიოზულად უნდა იფიქროს. არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ პირდაპირ უნდა დაარეგულიროს საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ გარკვეული ზედა ზღვარი, ე.წ. „ჭერი“ უნდა არსებობდეს.

- რეგულირება საშიშია...

- რაღაც ზღვარი მაინც უნდა არსებობდეს, რომლის ზემოთაც ბანკის წლიური მოგება კონკრეტულ მილიარდებს არ უნდა აჭარბებდეს, რადგან ეს უკვე არაეთიკური ხდება.

- ბანკებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები - ისინიც სხვის ფულს მართავენ – იქნება ეს დეპოზიტარების სახსრები თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული რესურსი და როდესაც ქვეყნის ეკონომიკა რისკიანი ხდება, მათთვისაც ძვირდება სახსრების მოზიდვა...

- ვფიქრობ, სასტუმრო ბიზნესისგან ბანკებს ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული შესაბამისი მესიჯები. არ მგონია, რომ სწორი მუშაობის პირობებში დაკრედიტება შემცირებულიყო. პირიქით, სესხების მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც, თუ ფინანსებზე წვდომა გამარტივდება და საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაიკლებს. საბოლოო შედეგი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს.

- გასაგებია, თუმცა როდესაც ბანკები ხედავენ, რომ ტურისტები არასაკმარისი რაოდენობით შემოდიან და ის სასტუმროები, რომლებზეც კრედიტები გასცეს, სათანადოდ ვერ იტვირთება, ამ ბიზნესს ფრთხილად უყურებენ...

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს ხანგრძლივი შოკი იყო, თუნდაც ირანის კონფლიქტის ფონზე. ახლა ზაფხულის სეზონი საკმაოდ იმედის მომცემია და ჯავშნების თვალსაზრისით, ზღვისპირეთი ფაქტობრივად, გადავსებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები