მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეზონური გადარეკვა დაიწყო - ფერმერებისთვის პირუტყვის პარაზიტებისგან დამუშავება უფასოა|სეს

ცხვრები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სეზონურ საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვის პროცესთან დაკავშირებით ცხოველების გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში უკვე 503 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული.

პროცესის მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტში გაეცნო.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პირუტყვის დამუშავება სეზონური გადარეკვის პერიოდში წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხორციელდება. ღონისძიების მიზანი ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების გავრცელების რისკის შემცირება და შესაძლო ეკონომიკური ზარალის პრევენციაა.

„სააგენტოს ვეტერინარები პირუტყვის დამუშავებას საძოვრებზე სეზონური გადარეკვისას, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით უზრუნველყოფენ. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას და შედეგად ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“, – აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო მონაკვეთებზე, ამჟამად 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს. ისინი განთავსებულია დედოფლისწყაროში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუბრიაანთკარში.

პუნქტები აღჭურვილია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზებით, სადეზინფექციო საშხაპეებით, წყლის რეზერვუარებითა და ვეტერინარული სივრცეებით. ცხოველების დასამუშავებლად მაღალი სტანდარტის ინსექტოაკარიციდული პრეპარატები გამოიყენება.

სააგენტოს ცნობით, პირუტყვის დამუშავებას სპეციალისტები ფერმერებისთვის უსასყიდლოდ ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები