მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაჰინის განცხადებით, ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა - „ის ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღებია“

სენატორი

ბიძინა ივანიშვილმა სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე უარი თქვა - ამის შესახებ ჯინ შაჰინმა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის სანქცირების შესაძლებლობას შეეხებოდა.

სენატორმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა: "მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ ის ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღებია და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ ჩვენთან შეხვედრაზე უარი თქვა".

ჯინ შაჰინს უჭირს იმის გაგება, როგორ მიიღო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ რუსული კანონი და როგორ აღუდგა ამით საქართველოს მოქალაქეების ნებას. მისივე თქმით, კანონის პირველი ინიციირებიდან აშშ საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ აფრთხილებ, თუმცა მმართველმა ძალამ ეს არ გაითვალისწინა და შედეგებიც სახეზეა.

"დაახლოებით 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი. იმ პერიოდში საქართველოს მთავრობას შემოჰქონდა „რუსული კანონი“, გამოვხატე ჩემი ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ფაქტი მისი მიღებისა გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას და ჩვენს ურთიერთობაზე ექნებოდა გავლენა. სამწუხაროდ, ამას ახლა მთავრობის ძალისხმევის შედეგად ვხედავთ. მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება. იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც ჩავდიოდით ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ, ოკუპაციური შემოჭრისა და გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც რუსეთის ქმედებებს ასახავს და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა - არ მესმის ეს. რასაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას ვისმენთ - ისინი ეწინააღმდეგებიან ამას.

ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი. მივუთითეთ, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე ექნება გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები