მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შალვა ალავერდაშვილი: ირანელებისთვის საზღვრიდან გაბრუნება დამცირება იყო, რთულია შემობრუნება

5d24e5bf6af94
დავით ჯალაღონია
10.07.19 10:15
1146
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი იმ ქვეყნებზე საუბრობს, საიდანაც რუსული ავიასანქციების ფონზე, მოკლევადიან პერიოდში, ტურისტების მოზიდვა ყველაზე პერსპექტიულია.

"ირანიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან მზად არიან, დღესვე ჩამოვიდნენ, უბრალოდ ამ ხალხისთვის სავიზო რეჟიმის თემაა ძალიან მნიშვნელოვანი და ის თემა, რომ ჩვენ უკვე შარშან და შარშანწინ გაგვაბრუნეს აეროპორტებიდან და წელს რომ ჩამოვიდეთ, რა გარანტია ვაქვს, რომ ისევ უკან არ გაგვაბრუნებენო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ საბუთების სწორად მოგვარებაშიც დავეხმაროთ, თუმცა ირანს როცა ველაპარაკებით, ირანელებისთვის ეს იყო დამცირება, როცა საზღვრიდან მასიურად აბრუნებდნენ - მგზავრების თითქმის 30%-ს უკან უშვებდნენ ხოლმე და ეს მიიღეს როგორც დამცირება და საკმაოდ რთულად ხდება ამ ხალხის უკან შემოტრიალება, საკმაოდ გვიჭირს ამ ხალხთან ურთიერთობა", – განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, მათგან დამატებით ტურისტების მოზიდვა წელს რთული იქნება.

"ევროპის თემა არის შემდეგი წლისთვის. ევროპელები ასე სწრაფად გადაწყვეტილებებს არ იღებენ, რომ ადგნენ და ერთ დღეში ჩამოვიდნენ ქვეყანაში. ჩვენ ყოველდღიურად შეთავაზებებს ვუგზავნით და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ევროპელს გავუჩინოთ საქართველოში ჩამოსვლის ინტერესი, თუმცა ამის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ხალხს ახლავე ჩამოვიყვანთ", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში ირანიდან საქართველოს 61 347 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 5.8%–ით ნაკლებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები