მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შალვა ალავერდაშვილი რუსეთიდან ფრენებზე: ბაზრის დივერსიფიკაციისთვის იდეალური მომენტია

5d0e39556d893
დავით ჯალაღონია
22.06.19 22:20
1961
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელის შალვა ალავერდაშვილის აზრით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვა განსაკუთრებით ტურიზმის იმ სექტორზე აისახება, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ტურისტების მომსახურებაზე მუშაობს.

"ეს გადაწყვეტილება ბათუმს შეეტყობა და თბილისში იაფფასიან სექტორს, რადგან თბილისში დაბალბიუჯეტიანი სეგმენტი ჩამოდიოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, ახლა რაღაცას გავაკეთებთ ისე, რომ ეს ფაქტი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის გამოვიყენოთ. ამისთვის ახლა იდეალური მომენტია. დარწმუნებული ვარ, ევროპა მხარში დაგვიდგება და სხვა ქვეყნებიც", – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში საგრძნობლად არ შემცირდება.

"დარწმუნებული ვარ, როგორც ზამთარში აფრთხილებდნენ რუს ტურისტებს, საქართველოში არ წახვიდეთ, ვირუსებიაო და მაინც ყველაზე ნაკლებად ეს აკრძალვა რუსებს შეეხოთ, ისე მოხდება ახლაც. ეს აკრძალვა იგრძნო პოსტსაბჭოთა სივრცემ, როგორიც არის ყაზახეთი, ან აზერბაიჯანი. რუსების ნაკლებობა დიდად არ დატყობია ამ ზამთარში კურორტებს, პირიქით, გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ჩამოვა და ყველა გზას მონახავენ, რომ სოლიდარობის გამო ჩამოვიდნენ. ასეთი ადამიანი მეტი იქნება.

გარდა ამისა, ქართული ტურიზმის სექტორი ნამდვილად არ იყო 100%–ით რუსულ ბაზარზე ჩამოკიდებული და ისეთი დარტყმა არ იქნება, რომ სექტორი დაანგრიოს", – მიიჩნევს შალვა ალავერდაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ორშაბათს, 24 ივნისს, სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები, რუსეთიდან ფრენების შეჩერების შედეგებზე და საპასუხოდ, სამოქმედო გეგმაზე სასაუბროდ შეკრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები