აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, „შეერთებული შტატები არასოდეს შევიდოდა კონფლიქტში რუსეთთან, თუნდაც საქართველოს გამო“.
ამის შესახებ შამბამ რადიოსადგურ „Эхо Москвы“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკელებმა სერიოზული დახმარება გაუწიეს საქართველოს და ფაქტია, რომ ქართულმა ჯარმა, რომელიც წლებია მხარდაჭერილია შეერთებული შტატების მიერ, 5-დღიანი ომის დროს აჩვენა თავისი სახე. მეორე საქმეა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს შევიდოდა კონფლიქტში რუსეთთან, თუნდაც საქართველოს გამო. ამიტომაც დასრულდა ომი სწორედ ისე, როგორც დასრულდა. სხვათაშორის, ეს ბოლოს მითხრეს ქართველებმა სწორედ ომის წინ, 2008 წლის ივნისის ბოლოს სტოკჰოლმში შევხდით და ცდილობდნენ, დავერწმუნებინე რომ ქართველებს ამერიკელების დახმარებით გაცილებით უკეთესად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავდათ, რუსეთი არ ჩაერეოდა კონფლიქტში და ა.შ. ცხადია, ეს შეცდომა იყო და შედეგიც ის დადგა, რაც უნდა დამდგარიყო“, - ამბობს შამბა.
მისივე თქმით, თავად კონფლიქტის დარეგულირების პროცესი 2008 წლამდე ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა და მას გაერო უძღვებოდა.
„აფხაზეთის აღიარების შემდეგ ცხადია, ეს ფორმატი სრულად ჩამოიშალა და შეიცვალა. ახლანდელი პლატფორმა ურთიერთობისთვის მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებია. ეს პლატფორმა უნდა არსებობდეს და მომავლისთვის მისი არსებობა მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის და კონტაქტებისთვის საქართველოსთან. მგონია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესეც გაივლის,ვნახოთ. ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს, თუმცა არაოფიციალური კონტაქტები სახეზეა: მიდის ვაჭრობა, არის კონტრაბანდაც და მასშტაბურიც, ხალხი ურთიერთობს და ვაჭრობს ერთმანეთში. თუმცა, მე ამას ვერ დავარქმევდი სერიოზულ კავშირებს. აფხაზეთში მთავარი ინვესტიციები რუსეთიდანაა, ძალიან მცირედით არის წარმოდგენილი რამდენიმე თურქული ბიზნესი. მხოლოდ რუსეთის დახმარებით არის ის, რაც გვაქვს. ალბათ, ესეც არ იქნებოდა და არც იყო 2008 წლამდე, ვიდრე აფხაზეთის ლეგიტიმაცია მოხდებოდა და მოიხსნებოდა ბლოკადა“, - ამბობს შამბა და იქვე დასძენს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ან მისი (სტატუსის) რაიმე გადახედვაზე არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
„აფხაზეთში არ ვიცნობ არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას, რომელიც აფხაზეთის სტატუსის და მისი პოლიტიკური მომავლის გადახედვაზე ფიქრობდეს. ასევე ვთვლი, რომ დროის ამბავია, როდის მოხდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სხვა სახელმწიფოების მიერ“, - ამბობს ის.

























