მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შამბას ქართველებთან დიალოგი სურს - ვახტანგ ყოლბაია სერგეი შამბას ონლაინ შეხვდა

შამბა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან განაცხადა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგი საჭიროა. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი პრაგმატულად აზროვნებს.

"შამბასთან ომის შემდეგ პირველი საუბარი იყო. მას ურთიერთობებზე პრაგმატული მიდგომა აქვს.

-როგორია ეს მიდგომა? საქართველოსთან შემოერთება?

-შემოერთება არა, ურთიერთობის დალაგება.

-როგორი დალაგება? როგორ წარმოუდგენია მას?

-ასეთ დეტალებზე არ გვილაპარაკია. ვილაპარაკეთ, არის თუ არა საჭირო დიალოგი და მან დაადასტურა, რომ დიალოგს არაფერი ჯობს. შევთანხმდით, რომ დიალოგი საჭიროა.

-დიალოგი აფხაზებსა და ქართველებს შორის, რუსების გარეშე?

- რუსეთის თემა არ იყო, რუსეთი საერთოდ არ გვიხსენებია. მხოლოდ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაზე ვილაპარაკეთ. მან მითხრა, რომ დიალოგს წინ არაფერი უდგას”, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტან ყოლბაიას საუბრის დეტალებზე არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნავს, რომ სერგეი შამბამ ერთ-ერთ საკითხად სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დაასახელა.

“ჯერ საჭიროა დიალოგი, დანარჩენი ვნახოთ. ჯერ საუბარია დიალოგზე, თბილისსა და სოხუმს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დალაგებაზე, თუმცა კონკრეტული არაფერი", - განაცხადა მან.

კითხვას, ამბობთ, რომ სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობა უნდა დამყარდეს? - მან შემდეგნაირად უპასუხა: “ასე დეტალურად არ გვილაპარაკია, ვისაუბრეთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა დიალოგი. მას უნდა ჩვენთან ლაპარაკი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები