მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შაორის ბანაკის ტერიტორიაზე არსებული 20 კოტეჯი და დამხმარე შენობები 145 250 ლარად გაიყიდა

MO SE

რაჭაში, ნიკორწმინდის მიმდებარედ, შაორის ბანაკის ტერიტორიაზე განთავსებული 20 კოტეჯი და დამხმარე შენობა-ნაგებობები სახელმწიფო აუქციონზე 145 250 ლარად გაიყიდა. აღსანიშნია, რომ გაიყიდა შენობა-ნაგებობები და არა - მიწა.

ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონის აღწერაში ვკითხულობთ, რომ გაიყიდა ნიკორწმინდასთან ახლოს მდებარე ბანაკის ტერიტორიაზე განთავსებული, ბალანსიდან ჩამოწერილი შენობა-ნაგებობების (საბანაკე ინფრასტრუქტურა) დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილები და მასალები, მისი დემონტაჟისა და ტერიტორიიდან დაშლა-გატანის პირობით.

ინფრასტრუქტურის საწყისი ფასი აუქციონზე 0 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი 250 ლარი. ამასთან, ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე ატვირთულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიკორწმინდაში N86.11.27.075 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წაკვეთზე განთავნებული შენობა N 01; 02; 03; 04: 05: 06; 07; 08; 09; 10; 11: 12: 13; 14: 15; 16: 17; 18: 19; 20; 21 და 24-ის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა ავარიულია, შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვთ ძლიერი ფიზიკური ცვეთა. მათი შეფასებით, ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო არსებული სახით დატოვება არასაიმედო და საფრთხის შემცველია. სამხარაულის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობების გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი და უნდა განხორციელდეს მათი დემონტაჟი.

ფოტოს ავტორი: Mo Se

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები