მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაორის ტბაზე 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება

6220f4104eccc
თათია ჩაფიჩაძე
03.03.22 22:20
2524
რაჭაში, შაორის ტბაზე, რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი აშენდება. ინვესტორი სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Developmen-ია. კამპანიამ ტბის პირველ ზოლში მდებარე 29 693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა, რომლის განვითარებაზეც მისი შვილობილი კომპანია „სითი დეველოპმენტი“ იზრუნებს.

„საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის დირექტორმა სანდრო ტოგონიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე 120-ნომრიანი კომპლექსი გაშენდება, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა დასასვენებელი და გასართობი სივრცეებით. პროექტის ჯამური ინვესტიცია 20 მლნ დოლარია.

„იგეგმება, რომ აშენდეს რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი, სადაც იქნება, დაახლოებით, 120 ნომერი, იქნება საკონფერენციო და საღონისძიებო სივრცეები, რეკრეაციული სივრცე, სპა, აუზი, ბავშვთა ცენტრი, რესტორანი და ა.შ. სრული ინფრასტრუქტურა გვინდა შევქმნათ ისე, რომ ოჯახი როცა ჩამოვა, ტერიტორიიდან გასვლის გარეშე ყველაფერი ადგილზე ჰქონდეს.

ვინაიდან ამბროლაურის მხარეს მსგავსი ტურისტული სივრცეები ჯერ არ არის განვითარებული, ძალიან დიდი ანალიზის გაკეთება გადავწყვიტეთ სანამ აშენებას დავიწყებთ. ავიყვანეთ კონსულტანტი, მიმოვიხილეთ ბაზარი და პოტენციალი. 70 ჯგუფი თუ ინდივიდუალური პირია უკვე დარეგისტრირებული და ახლა 2-თვიანი ვადა აქვთ, რომ კონცეფცია წარმოადგინონ. შემდგომ ეტაპზე შეიკრიბება ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კონპანიის წარმომადგენლებისგან და ასევე დარგის ექსპერტებისგან და შევარჩევთ ისეთს, რომელიც მისაღები იქნება იმ ადგილისთვის. ამის შემდეგ უკვე დაიწყება დეტალური პროექტირება და სანებართვო პროცედურები", - განაცხადა ტოგონიძემ.

„სითი დეველოპმენტში“ ამბობენ, რომ შაორზე  სასტუმროს განსაკუთრებული მოდელი შეიქმნება, რომელიც სამაგალითო იქნება არა მხოლოდ რაჭის, არამედ მთელი საქართვლოსთვის. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 1 წელში დაიწყება.

„ვფიქრობთ, რომ 1 წელიწადში მშენებლობის დაწყება რეალური იქნება, თუმცა გვინდა, სიფრთხილით მოვეპყროთ და განსაკუთრებული სასტუმროს მოდელი დავდოთ არა მხოლოდ რაჭისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

გენგეგმაში წერია, რომ არაუმეტეს 4 სართული უნდა იყოს, შესაბამისად, ის ამის გათვალისწინებით აშენდება. დაახლოებით, 3 ჰა ტერიტორიაა და აქედან მცირე ნაწილზე აშენდება სასტუმრო, დანარჩენზე კი მთლიანად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვაპირებთ. რაც შეეხება გზის გაფართოებას, ახალი მაგისტრალია გაკეთებული, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და იქიდან სასტუმროს ტერიტორიამდე ცალკე ტრანსპორტის სპეციალისტები იქნებიან ჩართულები, რომ რელიეფზე ისე მოერგოს ეს გზა, რომ არც გარემო დააზიანოს და გაბარიტებიც გვითხრან, რა სიგრძე-სიგანის გზა იქნება საჭირო. უშუალოდ კომპლექსის ტერიტორიაზე მოთხოვნაა, რომ მანქანები არ გადაადგილდებოდნენ.

ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეს შეეძლოს მოსვლა, ამიტომ ვფიქრობთ, საშუალო საფასო სეგმენტზე იქნება მორგებული", - განაცხადა bmg-სთან საუბრისას ტოგონიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები