მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შაორზე პირველი სასტუმრო წელიწადნახევრიანი დაგვიანებით გაიხსნება

5b85016ba4e7b
სალომე მეცხვარიშვილი
28.08.18 12:20
1592
შაორზე პირველი სასტუმრო წელიწადნახევრიანი დაგვიანებით გაიხსნება. სოფელ ნიკორწმინდაში პროექტს კომპანია "ჯეოტექინვესტი“ ახორციელებს. სასტუმრო „შაორის“ გახსნა ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში იყო დაგეგმილი, თუმცა, სხვადასხვა პრობლემის გამო ინვესტორი ობიექტის ამოქმედებას 2018 წლის ბოლოს გეგმავს.

კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა ჯმუხაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პრობლემები შექმნა შაორზე კომუნიკაციების არარსებობამ, როგორიცაა: ელექტროენერგია, წყალი და ა.შ. მისი თქმით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა წყლის მიყვანაში თანხები ჩადო, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც ინვესტორს დამატებითი თანხების მოძიება და წყლის საკუთარი სახსრებით გაყვანა მოუხდა.

სასტუმრო 26-ნომრიანია და მოიცავს 8 ლუქს ნომერს, საკონფერენციო დარბაზს, ასევე რესტორანს. მისმა საინვესტიციო ღირებულებამ მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.
მამუკა ჯმუხაძე ამბობს, რომ პროექტი თითქმის დასრულებულია და ამჟამად საბოლოო ნიუანსების დაზუსტება და თანამშრომლების მოძიება მიმდინარეობს.
„ოქტომბრის ბოლოს გვინდა რომ გავხსნათ და ზამთარშიც აქტიურად ვიმუშაოთ. შაორზე სხვა სასტუმრო არ არის, მაგრამ რაჭაში ფუნქციონირებს ბევრი საოჯახო თუ კერძო სასტუმრო. როგორც ვიცით, დატვირთვა საკმაოდ მაღალია“,- აცხადებს მამუკა ჯმუხაძე.

კომპანიამ თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამის "უმასპინძლე საქართველოში" ფარგლებში აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები