საქართველოს მთავრობამ მაროკოს სამეფოსთან საჰაერო მიმოსვლის ტექსტი უნდა შეიმუშაოს.
ტექსტის მომზადება პრემიერმა განკარგულებით დაავალა შესაბამის უწყებებს.
bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გასული წლის ბოლოდან მიმდინარეობს.
" საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივლისის # 946 განკარგულების თანახმად, დაიწყება მოლაპარაკება საქართველოსა და მაროკოს სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი პირველად განხილულ იქნა 2023 წლის 3-7 დეკემბერს საქართველოსა და მაროკოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო შეთანხმებების მოლაპარაკებების ღონისძიების (ICAO Air Services Negotiation Event; ICAN2023) ფარგლებში გაიმართა. ამავე შეხვედრაზე მაროკოს მხარის მიერ ინიცირებულ იქნა შესაბამისი შეთანხმების პროექტი. საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საუდის არაბეთის სამეფო, ისრაელის სახელმწიფო, ინდოეთის რესპუბლიკა, ბაჰრეინის სამეფო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ა.შ.", - წერია უწყების წერილში.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.
ვაჭრობა
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და მაროკოს შორის სავაჭრო ბრუნვამ მხოლოდ 3.04 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.1% შემცირებაა.
3 მლნ-დან 1.8 მლნ აშშ დოლარია ექსპორტი კი, 1.1 მლნ აშშ დოლარი.
წელს მაროკოში საქართველომ მხოლოდ 3 სასაქონლო ჯგუფი გაყიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - 643 ათასი აშშ დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 556.1 ათასი აშშ დოლარი;
- ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები, ფურცლები - 10 ათასი აშშ დოლარი.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- სატვირთო ავტომობილები - 685.8 ათასი აშშ დოლარი;
- შაქარი - 534.1 ათასი აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 349.2 ათასი აშშ დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 214.2 ათასი აშშ დოლარი;
- სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 33.3 ათასი.
მაროკოსთან სავაჭრო ურთიერთობის რეკორდი გასულ წელს დაფიქსირდა, 39.1 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს მაროკოს 1 512 მოქალაქე ეწვია, რაც გასულ წელზე 32.4%-ით მეტია. პანდემიამდელ 2019 წელზე კი, 85.7%-ით მეტი.
მაროკოდან ფულადი გზავნილების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ნულოვანია.