მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შაქარზე, რძის ნაწარმსა და მარცვლეულზე ფასების მატებამ FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი გაზარდა

5825a405bbf90
BM.GE
11.11.16 14:34
1033

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსმა ოქტომბერში 172.6 პუნქტი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით მეტია გასულ თვესთან, და 9.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით, ხოლო მარცვლეულის ინდექსმა ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად მოიმატა.

სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც 2016 წლის მანძილზე მუდმივად იზრდება, თუ არ ჩავთვლით ივლისში ხანმოკლე ვარდნას, არის ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი სასაქონლო ჯგუფის (შაქარი, რძე, მარცვლეული, ხორცი, ზეთი) ფასებს ასახავს.

ოქტომბრის ზრდა განპირობებული იყო, პირველ რიგში, შაქრისა და რძის ფასების მატებით. FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ოქტომბერში 3.4 პროცენტით აიწია ბრაზილიის ცენტრალურ სამხრეთ რეგიონში და ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში შაქრის წარმოების შემცირების ფონზე. FAO-ს რძის ფასი ინდექსი სექტემბრიდან 3.9 პროცენტით გაიზარდა, რაც გამოიწვია ყველსა და განსაკუთრებით კარაქზე ფასების ზრდამ; ამ უკანასკნელს ბიძგი მისცა ევროკავშირში რძის პროდუქტებზე მდგრადმა შიდა მოთხოვნამ მას შემდეგ, რაც მარაგებმა იკლო.

FAO-ს ზეთების/ცხიმების ფასების ინდექსი სექტემბრიდან 2,4 პროცენტით შემცირდა, რაც დიდწილად უკავშირდება პალმის ზეთზე ფასების ვარდნას, მსოფლიო მასშტაბით შესუსტებული იმპორტის შედეგად. FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი ოქტომბერში 1.0 პროცენტით დაეცა; ვარდნა განაპირობა ჩინეთის იმპორტიორთა მხრიდან ევროპულ ღორის ხორცზე შესუსტებულმა მოთხოვნამ.

ამასობაში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ოქტომბერში 1.0 პროცენტით გაიზარდა, რაც გამოიწვია მაღალი ხარისხის ხორბლის მიწოდების შეზღუდვამ, იმის მიუხედავად, რომ გლობალური ხორბლის მოსავლის საერთო პერსპექტივები გაუმჯობესდა.

წარმოებასა და მარაგებზე განახლებული პროგნოზები

2016 წელს მსოფლიოში მარცვლეულის წარმოებამ უნდა შეადგინოს 2 571 მლნ ტონა; ეს მაჩვენებელი FAO-ს ოქტომბრის პროგნოზზე ოდნავ მეტია, ხოლო 2015 წლის გამოშვებაზე 1.5 პროცენტით მეტი.

ახალი პროგნოზის თანახმად, ხორბლის წარმოება 746.7 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც FAO-ს ოქტომბრის პროგნოზზე 4.3 მლნ ტონით მეტია.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის ფედერაციის ხორბლის გამოშვება ახალ რეკორდს დაამყარებს, ხოლო ხელსაყრელი ამინდი ზრდის მოსავლის პერსპექტივებს ყაზახეთში. 2016 წელს მსოფლიოში ხორბლის და ქერის წარმოების ზრდა გლობალური სიმინდის მოსავლის 4.8 მილიონი ტონით შემცირების კომპენსირებას მოახდენს; ეს უკანასკნელი გამოწვეულია არასახარბიელო ამინდით ბრაზილიაში, ჩინეთში, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გლობალური ბრინჯის წარმოების პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 2017 წლის ზამთრისთვის დათესილი ხორბლის ადრეული ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელი ფერმერები ნათესების ფართობს ამცირებენ მოსალოდნელი დაბალი ფასების და შემცირებული ექსპორტის გამო, რაც აშშ დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. თუმცა, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ხორბლის თესვა შარშანდელ ტემპს უსწრებს.

იმავდროულად, 2017 წლის ზაფხულისთვის მარცვლეული კულტურების თესვა მიმდინარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში ქვეყნებში; ხელისშემწყობი ამინდების გათვალისწინებით სამხრეთ ამერიკაში მოსალოდნელია მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა. არგენტინაში დათესილი სიმინდის ფართობი, სავარაუდოდ, 6.0 პროცენტით გაიზრდება გასული წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით.

პროგნოზის თანახმად, 2016/17 წლის სეზონისთვის ხორბლის მთლიანი მოხმარება შეადგენს 2 562 მლნ ტონას, რაც ოქტომბრის მაჩვენებელს ოდნავ აღემატება, ხოლო გასული წლისას - 1.7 პროცენტით.

მარცვლეულის გაზრდილი მოხმარების ძირითადი მიზეზია გლობალური მასშტაბით მსხვილფეხა პირუტყვისთვის საკვების მოხმარების ზრდა, რომელიც სავარაუდოდ 2.7 პროცენტით მოიმატებს. მოსალოდნელია, რომ ცხოველთა საკვებად ხორბლის გამოყენება, რასაც ხელს უწყობს დაბალი ხარისხის ხორბლის საკმარისი მარაგები, 6.1 პროცენტით გაიზრდება და 146.6 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მოხმარების მეტისმეტად მაღალი დონეა.

პროგნოზის მიხედვით, მარცვლეულის გლობალური სასურსათო მოხმარება 1 106 მილიონ ტონას შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია და საკმარისია იმისათვის, რომ გლობალური მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების დონე სტაბილურად შენარჩუნდეს.

მსოფლიოს 2017 წლის სეზონის ბოლოსთვის მარცვლეულის მარაგები სავარაუდოდ დაახლოებით 662 მლნ ტონით გაიზრდება, რასაც ბიძგს აძლევს ხორბლის მზარდი მარაგები, განსაკუთრებით ჩინეთში, აშშ-სა და რუსეთში.

წინასწარი შეფასებით, საკვები მარცვლის მარაგები 1.7 პროცენტით შემცირდება, ძირითადად ჩინეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ბრინჯის მარაგები ოდნავ დაეცემა და 169,8 მლნ ტონას შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები