მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარლ მიშელი: სასამართლო რეფორმა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა

60f545542b3c5
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.21 13:26
1821
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა "ნაჩქარევი დანიშვნები" არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამასთანავე, შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმებასთან ერთად, საქართველოსთვის ევროკავშირის 60 მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობაც იყო. 

"კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასამართლო რეფორმა აპრილის შეთანხმების ძირითადი ნაწილია და ის წარმოადგენს წინაპირობას საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მიცემისთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნები არ ასახავდა ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. შესაბამისად, ეს ნაბიჯი გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს,"- აცხადებს შარლ მიშელი. 

12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, თუმცა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება და ამ პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფორმატში წარმართვა წარმოადგენდა საქართველოს ვალდებულებას, რომელიც მან ევროკავშირის წინაშე მაკრო-ფინანსური დახმარების მიღებისთვის აიღო.

გასულ კვირაში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის მიერ მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის მეორე ტრანშის მიღებაზეც. ამ პაკეტის მოცულობა 60 მილიონი ევროა. განცხადების მიხედვით, EU მზადაა საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების შესახებ ახალი მოლაპარაკებები გამართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები