Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი ამბობს, რომ გასულ წელს ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი 1 მლნ ტონამდე ტვირთს მოემსახურა.
მან კომპანიის შედეგებსა და გაფართოების სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, ჩვენ ვემსახურებით სასუქებს, რომელსაც აწარმოებენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ჩვენი ტერმინალის გამოყენებით ხდება ამ ტვირთის ტრანზიტი. შარშან დაახლოებით 1 მილიონამდე ტონა ტვირთს მოვემსახურეთ, რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბათუმის პორტი რასაც მოემსახურა, მშრალი ტვირთების ნახევარზე მეტი ის ტვირთი იყო, რომელსაც ჩვენი კომპანია Wondernet-ი მოემსახურა.
ჩვენს ტერმინალს შეუძლია მოემსახუროს 1.2 მლნ ტონიდან 1.5 მლნ ტონამდე ტვირთს, გააჩნია კონკრეტულად რომელი სასუქი მოდის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტ ტვირთს მოვემსახუროთ, ბევრჯერ განგვიცხადებია ამის შესახებ, რომ გვინდა გაფართოება და აუცილებლად ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას",- თქვა მამუკა მურჯიკნელმა.
მან ასევე ისაუბრა შუა დერეფანზე და მისი ინფრასტრუქტურული განვითარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
"რა თქმა უნდა, მეტ ტვირთს რომ მოემსახურო ახალი ინფრასტრუქტურაა საჭირო. არა მარტო ახალი ტერმინალები, ჩვენ ასევე გვჭირდება საზღვაო პორტები, ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზაზე. ვფიქრობთ ერთობლივად მივაღწევთ ამ ყველაფერს და მოხდება გაფართოება. ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია და ამან დღეს უფრო საინტერესო როლი შეიძინა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, არსებობს ალტერნატიული გზები, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ყველანაირად უნდა მოვემზადოთ, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, რომ მეტ ტვირთს მოვემსახუროთ. შუა დერეფანში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით, რომ იყოს ერთობლივად განვითარება, პორტების, რკინიგზების მზაობა. ერთი აღებული ნაწილი ამას ვერ მოემსახურება. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ტერმინალის აშენება, იყო კითხვები დადებით მხარეებზე და ეს ყველაფერი გამოჩნდა - ტერმინალი დიდი რაოდენობით ტვირთს მოემსახურა, ამასთან ბევრი პროფესიონალი გაიზარდა და გაგვიჩნდა პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტს მოვემსახუროთ. ჩვენთან საკმაოდ დიდი კომპანიები თანამშრომლობენ, მსოფლიოში ლიდერები, რომლებიც თავისუფლად გრძნობენ თავს, რომ ტვირთი ჩვენი დერეფნის მეშვეობით ატარონ. ჩვენ შევძელით და პირველად შემოვიტანეთ ნაყარი ტვირთი, რომელსაც "შევრონი" ყაზახეთში აწარმოებს, ჩვენს დერეფანში რომ გამოევლო, ამას მომავალშიც გავაგრძელებთ და სხვა მსხვილი კომპანიებიც დაემატებიან",- განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.