2025 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა და შემოსავლები განახევრდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა წლიურად 51%-ით შემცირდა და 0.5 ტვტ.სთ შეადგინა. ექსპორტის სეზონი მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა.
მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო, ექსპორტის 78.5%-იანი წილით. ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის 10% გავიდა სომხეთში, 9.8% - აზერბაიჯანში და 1.4% რუსეთში. ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების კლებას.
შარშან ტოპ-3 ექსპორტიორი კომპანიები იყვნენ: ქროს ბორდერ ტრეიდინგი (თურქეთი), აჭარა ენერჯი 2007 და საქართველო ურბან ენერჯი. ამასთან, სომხეთის მიმართულებითაც ძირითადი ექსპორტიორი იყო ქროს ბორდერ ტრეიდინგი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიმართულებით 52.6 გვტ.სთ-ის ექსპორტი განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომლის მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ვალის დაფარვა.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს განახევრდა (52% წლიურად) და 23.5 მლნ დოლარი შეადგინა. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 4.6 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.




























