მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან, ექსპორტი და წარმოების მოცულობა 16%-ით გაგვეზარდა - “ასკანელი“

ასკანელი

„გასულ წელს ექსპორტისა და წარმოების მოცულობების 16%-იანი ზრდა გვქონდა,“- ამის შესახებ BM.GE-სთან "ასკანელის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი უგლავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, წარმოებული პროდუქციის 93% ექსპორტზე გადის, ხოლო 7% ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება:"პროდუქციას დაკვეთის გარეშე არ ვაწარმოებთ, შესაბამისად ჩვენი წარმოება და რეალიზაცია ერთმანეთის ტოლია. ანუ, რის ჩამოსხმაც ხდება, იმის დასაწყობებას არ ვახდენთ. მსგავს პრაქტიკას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ ვიყენებთ", - განაცხადა ირაკლი უგლავამ.

მისივე ინფორმაციით, 15-16%-იანი ზრდა მათი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ზრდას არ წარმოადგენს, რადგან კომპანიას 20-25%-იანი ზრდაც ჰქონია. ირაკლი უგლავას თქმით, წარმოების ზრდა მნიშვნელოვნად პანდემიამ შეაფერხა, მიმდინარე წელს კი, წარმოების 16-20%-მდე ზრდას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ გასულ წელს ახალი საექსპორტო ბაზრები დაამატა, როგორიცაა ბელორუსია და თურქმენეთი. ამასთან კომპანიამ შვეიცარიაში პირველი საექსპორტო გადაზიდვა და ბრაზილიაში მცირე რაოდენობის ექსპორტი განახორციელა. გარდა ამისა, კომპანია იაპონიაში ორ მწარმოებელთან თანამშრომლობდა, თუმცა გასულ წელს ახალ, მსხვილ პარტნიორთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მაღაზიათა ქსელის 300-მდე ობიექტს ფლობს და სწორედ ამ მაღაზიებში მოხდება პროდუქციის რეალიზაცია.

შპს „ასკანელის" აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ახალ ბაზრებზე ამ ეტაპზე თითო კონტეინერის (15 000 ბოთლი) გადაზიდვა მოხდა, რომელშიც ძირითადად შერეული პროდუქციაა წარმოდგენილი, როგორც სპირტიანი სასმელები, ასევე ღვინის ნაირსახეობა.

„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კუთხით საკმაოდ კარგი მდგომარეობაა, თუმცა ბაზარზე კონკურენცია საექსპორტო ბაზრებისგან განსხვავებით დიდია. 2023 წელს, ადგილობრივ ბაზარზე 400 000 ბოთლი ღვინისა და 600 000 ბოთლზე მეტი ბრენდისა და ჭაჭას რეალიზაცია განვახორციელეთ.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო გაყიდვების კუთხით, ჩვენი კომპანია სამეულში ხვდება ხოლმე და მოლოდინია, რომ ჯამური შედეგების გაცხადების შედეგად, მოლოდინია, რომ კვლავ სამეულში მოვხვდებით,“- აცხადებს უგლავა.

მისი ცნობით, იაპონიის ბაზრიდან უკვე განმეორებითი შეკვეთები მიიღეს, ასევე ბელორუსიის მხრიდან მათ პროდუქციას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ასევე პოზიტიური მოლოდინებია თურქმენეთიდანაც. რაც შეეხება იაპონიას, უგლავას ინფორმაციით, განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ქვევრისა და ცქრიალა ღვინოებზე, ამასთან სპირტიან სასმელებზეც და მოლოდინია, რომ ამ ბაზარზეც კომპანია აქტიურად იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიამ რამდენიმე ქვეყანასთან წარმოებული პროდუქცია უკვე დააკონტრაქტა. მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დუბაი, ასევე იანვარში პირველ მიწოდებას ახორციელებს ტაილანდის ბაზართან, სადაც ძირითადად სპირტიან სასმელებზეა მოთხოვნა. გარდა ამისა, ისრაელის ბაზარზე პარტნიორი გამოცვალეს და უფრო ფართო ასორტიმენტით იქნებიან წარმოდგენილი. ხოლო, სამხრეთ კორეასთან და ინდოეთთან მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, შპს "ასკანელს" მრავალწლიანი ისტორია აქვს. ამ ეტაპზე, კომპანია 40-მდე სახეობის ღვინოს და 20-ზე მეტი დასახელების ბრენდისა და ჭაჭას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები