2020 წელს პანდემიის მიუხედავად „შუხმან ვაინს ჯორჯიამ“ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის გადაზიდვების მაჩვენებელი შეინარჩუნა და ჯამში 1.5 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა.
როგორც BM.GE-ს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, კომპანიამ წლის გეგმას 10%-ით ჩამორჩა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაციის მკვეთრი ვარდნითაა განპირობებული.
„2020 წელს ადაპტაცია დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად მოვახდინეთ. ეს იყოს უმთავრესი ამოსავალი, რომლის შენებაც ბევრი წელია, რაც დავიწყეთ და ამ კრიზისულმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ რომელიმე მსხვილ ბაზარზე დამოკიდებული. ამიტომ მაშინ, როდესაც იყო სხვადასხვა კონტინენტალური კრიზისები ვიყავით მიმართულები უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ და როდესაც აზიამ დაიწყო გაჯანსაღება, მაშინ უკვე აზიისკენ გადმოვინაცვლეთ, რაც რიცხვებში აისახა.
ექსპორტში მკვეთრი შემცირება არ გვაქვს, ჩვენ შევინარჩუნეთ ექსპორტის მაჩვენებელი და ჯამში 1.5 მლნ ბოთლის ექსპორტი განვახორციელეთ, მაშინ როდესაც ადგილობრივი ბაზარი ფაქტობრივად 70%-ით შემცირებულია. ესეც იმის ხარჯზე, რომ ღვინის მომხმარებელი საქართველოში ჩამოსული სტუმარი, ანუ ტურისტი იყო, შესაბამისად მოხმარებამ მკვეთრად იკლო, რასაც ასევე ემატება ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება. შესაბამისად, კომპანია „შუხმან ვაინსში“ 2020 წელი ფაქტობრივად რეალიზაციაში დაგეგმილზე 10%-იანი შემცირებით დასრულდა“, - უთხრა BM.GE-ის ნუცა აბრამიშვილმა.
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020-2022 წლების კომპანიისთვის პოზიციების შენარჩუნების წლები იქნება.
„2021 წელი დავგეგმეთ შესაბამისი სიმძლავრეებით, რომ მინიმუმ 2020 წლის შედეგები გავიმეოროთ. ეს მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი იქნება. 2021 წელიც იქნება რთული, თუმცა ნელი გაჯანსაღების წელიწადი. 2021-2022 წელს ჩვენ საექსპორტო ბაზრების ათვისების კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს არ ვგეგმავთ. ჩვენი მიზანი სტატუს–კვოს შენარჩუნებაა. დიდი აქცენტები უჭირავს ახალ ბაზრებს, რომელიც რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის მიმართულებით, მაგალითად ჩინეთი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რუსეთის ბაზარი ჩაანაცვლოს. თუმცა კომპანიის მიზანი ბაზრების დივერსიფიცირებაა“, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
მისი თქმით, ქართული ღვინო ძვირადღირებული პროდუქტია და მისი ფასი ევროპის წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ფასებს უტოლდება. ნუცა აბრამიშვილი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან ახალი დიდი ბაზრების მიმართულებით თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას.
„ბოლო პერიოდში ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დაანონსება და პროცედურები იძლევა იმის შანსს და პერსპექტივას, რომ მოკლე პერიოდში სექტორმა ინდოეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება შეძლოს“, - აღნიშნა „შუხმან ვაინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და წარმოებული პროდუქციის 95% ექსპორტზე გადის.