ვალუტის გაცვლის ონლაინ სერვისის, Kursi.ge-ს მეშვეობით 2025 წელს მომხმარებლებმა ₾4 მილიარდზე მეტი დააკონვერტირეს და ₾94 მილიონი დაზოგეს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი აგლაძემ ისაუბრა.
"შარშან ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, დაახლოებით, 4.2 მილიარდი ლარი დავაკონვერტირეთ. რეგისტრირებული გვყავს 100 000-მდე მომხმარებელი, მათ შორის 4500-მდე ბიზნესი. ჩვენი გათვლებით, პლატფორმის შეთავაზებული კურსით, საცალო და ბიზნეს მომხმარებლებმა გასულ წელს ჯამში 94 მილიონი ლარი დაზოგეს. გვაქვს კონკრეტული შემთხვევებიც, როდესაც მსხვილმა ბიზნესმა 1 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობით 2 მილიონი ლარი დაზოგა, რაც რეალურ ეკონომიკასა და კომპანიის შემდგომ განვითარებას ხმარდება", - აცხადებს გიორგი აგლაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ოპერაციებიდან საბანკო სექტორის შემოსავალი არ შემცირებულა ბაზრის საერთო ზრდის ფონზე, თავად გადახურდავების პროცესი მომხმარებლისთვის ბევრად იაფი გახდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას და ექსპანსიას აანონსებს.
"ჩვენი გეგმაა, რომ 2026 წლისთვის მინიმუმ ერთ ახალ ბაზარზე გავიდეთ. ვფიქრობ, ფინტექ კომპანიებს ამის გაკეთება ბანკებზე ბევრად სწრაფად შეუძლიათ. ამჟამად რამდენიმე ბაზარს განვიხილავთ და აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ადგილობრივ რეგულატორებთან", - აღნიშნავს აგლაძე.
BMG-ის ეთერში Kursi.ge-ს ფინანსური შედეგები და ტრადიციულ ბანკებთან კონკურენცია-თანამშრომლობის დინამიკა დარგის ექსპერტებმა შეაფასეს.
ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ Kursi.ge-მ ციფრულად აუთვისებელ სავალუტო ბაზარზე პიონერის როლი ითამაშა და ფიზიკური სავალუტო ჯიხურების მთავარი უპირატესობა - უკეთესი კურსი და მოქნილობა - ტექნოლოგიურ სივრცეში გადაიტანა.
"ფაქტობრივად, პლატფორმამ არა მხოლოდ ფინტექ სექტორში შემოიტანა ინოვაცია, არამედ საბანკო სექტორთანაც საინტერესო კონკურენციაში შევიდა. მან მომხმარებლის გამოცდილება გაამარტივა: აქამდე ადამიანები შეჩვეულები იყვნენ ფიზიკურ ოფისებში სიარულს უკეთესი კურსის მისაღებად. Kursi.ge-მ ეს გამოცდილება, მოქნილობა და ფასი გააერთიანა ერთ ციფრულ სივრცეში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია ქვეყანაში", - აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტისა და პროფესორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ფინტექ სექტორი ჯერ კიდევ ბაზარზე თავის დამკვიდრების ეტაპზეა, თუმცა Kursi.ge-მ სწორი პოზიციონირება უკვე შეძლო. მისი თქმით, პლატფორმამ ბანკებს გარკვეული წილი ნამდვილად წაართვა, განსაკუთრებით მსხვილი კორპორაციული კლიენტების მიმართულებით.
"მსხვილი კომპანიები მილიონობით ლარის გადასაცვლელად ჯიხურებში ვერ წავიდოდნენ და უწევდათ ბანკების მომსახურებით სარგებლობა. ახლა ეს თანხები ალტერნატიულ პლატფორმაზე მიდის. საბანკო სექტორის მხრიდან ჯერჯერობით დიდ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ - შესაძლოა ფიქრობენ, რომ ბაზარი ჯერ მცირეა, ან დროთა განმავლობაში თავად ბანკებსა და ფინტექებს შორის გარკვეული თანამშრომლობაც ვიხილოთ", - აღნიშნავს ჭარაია.
ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს საბანკო ასოციაციაში "ღია ბანკინგის" პროექტის დირექტორი, მიხეილ კაპანაძე. იგი აქცენტს კონკურენციისა და თანამშრომლობის სინერგიაზე აკეთებს.
"მე ამ პროცესს კონკურენციისა და თანამშრომლობის მონაცვლეობად ვუყურებ. ღია ბანკინგისა და მსგავსი პროექტების მთავარი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ შეიქმნას "საშენი ბლოკები" ციფრული სერვისების განვითარებისთვის. ერთი მხრივ ტექნოლოგიები ვითარდება, მეორე მხრივ სერვისები ეწევა მას, შუაში კი ერთვება ჯანსაღი კონკურენცია, რომელსაც მომხმარებლისთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს", - აჯამებს მიხეილ კაპანაძე.




























