საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, მარტში სარესტორნო ბიზნესის დატვირთვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. მისი თქმით, განსაკუთრებით ის ბიზნესს ოპერატორები დაზარალდნენ, ვინც ტურისტულ ლოკაციებზე ოპერირებენ.
„განსაკუთრებით დაზარალდა გუდაური, სვანეთი და ბაკურიანი. ბაკურიანს დამატებით თოვლის პრობლემები ჰქონდა, რამაც ტურისტული ნაკადი კიდევ უფრო შეამცირა. უცხოელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ისრაელელი და ირანელი ტურისტები თითქმის აღარ არიან, არაბები პრაქტიკულად ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
თბილისშიც სიტუაცია მძიმეა: ცენტრალურ რაიონებში ტურისტების ნაკადი შარშანდელ დაბალ სეზონთან შედარებით დაახლოებით 20-25%-ით ნაკლებია.
მცირე ნაკადი ტურისტი შემოვიდა თურქეთიდან რამადანის პერიოდში, თუმცა ეს დროებითია და შემდგომ მოთხოვნა კვლავ დაბალ ნიშნულზეა. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მცირედი აღდგენა მოსალოდნელია, თუმცა სრულ დაბრუნებას ომის დასრულებამდე არ ველოდებით.
სამასპინძლო სექტორი მთლიანად დაზარალდა, ეს ეხება როგორც რესტორნებს, ისე სასტუმროებს, ავიაციას, გიდებს, მომსახურების ყველა ელემენტი ერთობლიობაში“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
მარტის განმავლობაში უცხოური ბარათებით განხორციელებული ხარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება, კლებას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, შემცირება ფიქსირდება როგორც სასტუმროებისა და ავიაბილეთების კატეგორიებში, ისე სხვა ტურისტულ სერვისებშიც, რაც არარეზიდენტი ვიზიტორების აქტივობის შენელებაზე მიუთითებს.




























