მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღეში ალოობა დაიწყება, თუმცა შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდავია, რადგან ბაზარზე მოთხოვნა დაბალია. ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველი ფერმერები ვერ უძლებენ კონკურენციას რუსეთიდან იმპორტირებულ იაფ ხორბალთან. ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბალი ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, თუმცა ამ მცირე რაოდენობის რეალიზაციაც კი პრობლემატურია.
“იმპორტირებული ხორბალი აქტიურად შემოდის, რამაც ხელი შეუშალა ადგილობრივი ხორბლის გაყიდვას, რადგან კონკურენციას ვერ ვეწევით და პროდუქცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდება. დარჩენილია შარშანდელი მოსავალიც, რადგან მოთხოვნა ძალიან დაბალია. შესაბამისად, არ არის სახარბიელო მდგომარეობა ამ მიმართულებით.
როდესაც ალოობა იწყება, ფასები ყოველთვის დაბლა მოდის ხოლმე. ახლაც ძალიან დაბალია ფასები, 55 თეთრის ფარგლებში მერყეობს და ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა არ არის. ფაქტობრივად ის 200 ათასი ტონა, რასაც ვამბობთ, რომ მოვიდა გასულ წელს, ვერ გაიყიდა და დაახლოებით 10-15% ისევ დარჩენილია სარეალიზაციოდ”, - აცხადებს ბენიაიძე.
ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს წარმოების ხარჯები მკვეთრად გაიზარდა: გაძვირდა ადგილობრივი და იმპორტირებული სასუქები, დიზელი და კომბაინების მომსახურება. თუ შარშან მარცვლეულის თვითღირებულება 60-63 თეთრი იყო, წელს ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდა, იმ პირობებში, როცა საბაზრო ფასი იკლებს.
„ის 20%, რაც მოსავალი მოგვყავს, ისიც არ იყიდება იმ ფასში, რომ 5-10 თეთრის მოგება მოუტანოს ფერმერს. ეს არის დღევანდელი რეალობა. ამიტომ რაღაც ღონისძიებები უნდა გაატაროს მთავრობამ, სამინისტრომ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ფერმერები.
რაღაც სამართლიანი წესები უნდა იყოს გატარებული, რომ გადარჩნენ ფერმერები. მოსაკრებელი, რომელსაც ექსპორტის დროს რუსეთი ადებდა პროდუქციას, დღესდღეობით მოხსნილია, ამიტომ დაბალ ფასად შემოდის რუსული მარცვლეული ქვეყანაში. ასეთი მდგომარეობაა...”, - აცხადებს ბენიაიძე.




























