უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის ვაჟა მებაღიშვილის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში, ქირის ფასი 7-10%-ის ფარგლებში შემცირებულია.
როგორც მებაღიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას აღნიშნა, იჯარის ნაწილში არსებული ბუმი ახალი სასწავლო წლისთვის მეტ-ნაკლებად ჩამცხრალია.
მისივე ინფორმაციით, პრობლემურია მაღალი კლასის ბინების მოძიება დიპლომატიური კორპუსისთვის, სადაც ფასი კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
„კვლევითი ორგანიზაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბოლო პერიოდის კვლევის შედეგები ძირითადად აცდენილია რეალობისგან. ჩვენი ასოციაცია დაახლოებით 90-მდე კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ტენდენციებზე ცხადია ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან.
შარშანდელი მონაცემები რომ ავიღოთ, გამოდის, რომ არათუ ზრდა, არამედ პირიქით, 7-10%-ით ქირის ფასმა კლება განიცადა. კვლევა შემხვდა, სადაც ეწერა რომ შარშან პირობითად 800$ რომ ღირდა ბინა, წელს იგივე ბინა 1300-1500$-ია, რაც აბსურდია უბრალოდ. შარშან უფრო დიდი ბუმი იყო, დიდი ექსპანსია ვნახეთ და ფასიც მაღალი დაფიქსირდა.
ახლა დასტაბილურებისკენ მიდის სურათი, მაგრამ ჩემი კომპანია, რომელიც ძირითადად მუშაობს დიპლომატიურ კორპუსზე და ორგანიზაციებზე, აქ პრობლემებს ვაწყდებით. ძალიან ცოტა ბინაა, ვერ ვპოულობთ და მათი ფასი როგორი მაღალიც იყო, ისეთივე ნარჩუნდება. სხვა შემთხვევაში ბაზრის სტაბილურობა სახეზეა. ძალიან რთულია ერთი კონკრეტული ფასის დასახელება, მაგრამ ცენტრალურ უბანში ერთოთახიანი ბინის ფასი მერყეობს 700-100$-ის ფარგლებში,“ - განაცხადა მებაღიშვილმა.