დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის "შათდაუნის" გამო ფედერალური სამუშაო ძალა ათასობით ადამიანით შეამცირა და პასუხისმგებლობა დემოკრატიულ პარტიას დააკისრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილების შემცირება მიმდინარეობს სახაზინო დეპარტამენტში, აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოში, შემოსავლების სამსახურში, განათლების, კომერციის დეპარტამენტებსა და შიდა უსაფრთხოების კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლების საერთო მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია. ტრამპის მიერ წელს დაწყებული შემცირებების კამპანიის გამო, 300 000-მდე საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება უკვე მოუწია.
ოვალურ ოფისში ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ეს ყველაფერი დემოკრატებმა წამოიწყეს.
ტრამპის რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა აქვს, თუმცა დაფინანსების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად, სენატში დემოკრატების ხმები სჭირდებათ.
"შათდაუნის" განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ გაავრცელა მუქარა, რომ სამუშაო ძალას შეამცირებდა. მთავრობის მუშაობის შეჩერებიდან მეათე დღეს კი აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემცირებებს მთავრობის იმ დეპარტამეტებიდან დაიწყებს, სადაც დემოკრატები დომინირებენ.
ამასთან, ტრამპმა გამოსცა ბრძანება ნიუ-იორკისთვის, ილინოისა და კალიფორნიისთვის ინფრასტრუქტურის $28-მილიარდიანი დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით მაშინ, როცა სწორედ ამ შტატებში მისი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკა მზარდია.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, შვიდი სააგენტოს 4200-მა თანამშრომელმა უკვე მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება.




























