მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შატილი ელექტროენერგიის გარეშეა: „სასტუმროებს ჯავშნები უუქმდებათ... კაფე ვერ ავამუშავეთ“

62ceb9176d3cb
მარიამ იზორია
13.07.22 17:08
1987
შატილში მოსახლეობას უკვე მესამე კვირაა ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც bm.ge-ის ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მიზეზი ის არის, რომ შატილში ჰესი „ბიტეხი 1“ დაზიანებულია.

“შატილში საცხოვრებლად 2016 წელს დავბრუნდი. იმ შემოდგომაზე ძველი ჰესი, რომელიც 1983 წელს აშენდა, დაზიანდა. ზამთარში ადგილობრივები რომ უშუქოდ არ ყოფილიყვნენ, რეაგირება იყო უსწრაფესი. მუნიციპალიტეტმა გამოგვიგზავნა დიზელის ორი გენერატორი, თითო 40 კილოვატს გამოიმუშავებდა. საწვავი 10-ტონიანი ბაკებით გადმოგვიტანეს, რომ ზამთარში სოფელს დენი ჰქონოდა.

დღეს, მესამე კვირაა სოფელში დენი არ გვაქვს, პრობლემა, რომლის მოგვარებასაც 2-3 დღე სჭირდებოდა, დროში ისე იწელება, დაზუსტებით, იმასაც ვერ გვეუბნებიან როდის გარემონტდება, როდის ჩართავენ ჰესს.

შატილში, მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყარო ტურიზმია.... არის თქვენთან ვინმე, ვინც ხალხზე ფიქრობს?!“, - ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში შატილში, კაფე „სანფლაუერის“ დამფუძნებელმა გიორგი ჭინჭარაულმა გამოაქვეყნა, რომელსაც bm.ge დაუკავშირდა.



გიორგი ჭინჭარაული გვიყვება, რომ შატილში ჰესი „ბიტეხი 1“ ჰესის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა და მას შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, პერიოდულად, სხვადასხვა პრობლემა იქმნება. მისივე ინფორმაციით, ჰესის მართვა მიმდინარე წელს ადგილობრივმა მთავრობამ გადაიბარა, იქამდე კი ვალდებულება მშენებელ კომპანია „პარვუს ჯგუფს“ ჰქონდა.

„ჰესის მშენებლობაზე 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები არასწორად განხორციელდა; მშენებლობის შემდეგ გარკვეული სახის პრობლემები მუდმივად იქმნება. ჰესს შატილში 30-მდე ოჯახი უნდა მოემარაგებინა, თუმცა პროექტი წარუმატებელია. გვითხრეს, რომ ჰესის ამუშავებისთვის საჭირო კონკრეტული ნაწილი შესაკეთებლად წაიღეს და სამ დღეში იქნებოდა მზად, მაგრამ ფაქტია, მესამე კვირაა უშუქოდ ვართ“, - ამბობს ადგილობრივი გიორგი ჭინჭარაული.

მისივე თქმით, უშუქობის გამო, ყველაზე დიდი ზიანი ადგილობრივ ტურიზმს ადგება.

„მაგალითად, ჩვენი კაფე წელს უშუქობის გამო ვერ ავამუშავეთ. აქ ყველა ბიზნესი ასე ჩერდება, მხოლოდ ისინი მუშაობენ, რომლებსაც გენერატორები აქვთ. ტურისტები, როცა იგებენ, რომ ელექტროენერგიის პრობლემაა, ჯავშნებს აუქმებენ. ამასთან, მაცივრის ჩართვა ვერ ხერხდება და საოჯახო სასტუმროებს საკვები უფუჭდებათ, სოფელი ქალაქთან ახლოს არ არის, ამიტომ აქ ძირითადად მარაგებს აკეთებენ. გაურკვეველი სიტუაციაა, პრობლემის აღმოფხვრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობენ“, - ამბობს „სანფლაუერის“ დამფუძნებელი.

Bm.ge შატილში სასტუმრო „სულფონის“ წარმომადგენელსაც ესაუბრა. თეკლა ჭინჭარაულიც გვიდასტურებს, რომ უკვე ორ კვირაზე მეტია ელექტრომომარაგება არ აქვთ.

„დუშეთის მერიაში გვითხრეს, რომ ჰესი გაფუჭდა და ნაწილი გასაკეთებლადაა წაღებულიო. უშუქობა ძალიან გვაფერხებს - ბუნებრივია, ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებათ. ისრაელიდან გვყავდა ვიზიტორები, ასევე ინგლისიდან და უშუქობას გაგებით ეკიდებიან. იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება. ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, რომ შესაკეთებლად წაღებულ ნაწილს ამ კვირაში დააბრუნებენ“, - ამბობს თეკლა ჭინჭარაული.

BM.ge დუშეთის მერიასაც დაუკავშირდა. მუნიციპალიტეტის მერის, მანანა ნარიმანიძის ინფორმაციით, შატილის ელექტრომომარაგება მიმდინარე კვირის ბოლომდე აღგება. "ადგილობრივებთან კომუნიკაცია გვაქვს. ჰესი დაზიანდა. ადგილზე ახლაც იმყოფებიან ჩეხი ექსპერტები და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჰესი "ბიტეხი 1" მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არაა. ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა", - აცხადებს მერი.

BM.ge ქონების სააგენტოსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები