მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შატილი ჰესი, შესაძლოა, მართვაში კერძო კომპანიას გადაეცეს

59b6742914b84
სალომე მეცხვარიშვილი
11.09.17 15:29
1352
შატილი ჰესი, შესაძლოა, კერძო კომპანიის მართვაში გადავიდეს, ამის შესახებ "საქმის კურსს" დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არსებული ჰესის მართვა და ოპერირება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ძალიან ჭირს.

"შატილის ჰესი ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობასთან ერთად, ვცდილობთ, მოწესრიგდეს ეს თემა. გამოსავალს ვეძებთ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, რომ ეს საკითხები გადაწყდეს. ძალიან გვეხმარება „ენერგოპრო ჯორჯია“.

ამჟამად ჰესი გაჩერებული არ არის, მაგრამ დატვირთვებს ვერ უძლებს, რამდენჯერმე გავარემონტეთ კიდეც. ვაგვარებთ ამ საკითხს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც რეაბილიტაციას განახორციელებს და შესაძლოა, მის მართვაშიც გადავიდეს. რადგან მუნიციპალიტეტს თავისი არსებობის ფარგლებში ძალიან უჭირს ამ ჰესის მოვლა-პატრონობა",- აცხადებს ვაჟა ჩოხელი.

მისივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა და სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა ჰესმა მუშაობა და მოსახლეობისთვის დენის მიწოდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურების მიზნით, 133 686 ლარი გამოიყო. თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

ვაჟა ჩოხელი "საქმის კურსთან" ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა სამუშაოებს მოხმარდა ან მოხმარდება გამოყოფილი თანხა.

ამჟამად დუშეთს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია შატილიჰესი, არხოტისჰესი და როშკის ჰესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები