კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში „შატო დავითიანი“ იყიდება. შატო 1 ჰექტარის ფართობზეა განთავსებული, რომელიც მოიცავს 12-ნომრიან სასტუმროს, მარანს, ღვინის საცავს, შიდა და ღია რესტორნებს და აუზს. შატოსთან ერთად იყიდება 40 ჰა ვენახები, სადაც გაშენებულია საფერავის, რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენი.

„იდეალურია ღვინის ტურიზმისთვის, სასტუმრო ბიზნესისთვის, ქორწილებისთვის, ღონისძიებებისთვის, ღვინის ფესტივალებისა და პრემიუმ აგროტურისტული პროექტისთვის”, - წერია განცხადებაში.
შატოს მფლობელის დავით ცენტერაძის განცხადებით, სასტუმროს და ვენახების გასაყიდი ფასი 6.7 მლნ აშშ დოლარია.
ბიზნესმენმა bm.ge-სთან გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ შევქმენით ადგილი, რომელსაც კარგი ბიზნესოპერატორის ხელში უზარმაზარი პოტენციალი და მომავალი აქვს. საუკეთესოდ მოვლილი ვენახი და უნიკალური ადგილმდებარეობა ხელს უწყობს ამ ადგილზე როგორც მეღვინეობის, ისე ტურიზმის მიმართულებების კიდევ უფრო განვითარებას და საკმაოდ მომგებიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას. ახლა კი, გვინდა, შესაძლებლობები სხვა მიმართულებით გამოვცადოთ“, - განაცხადა მან.
რაც შეხება სამომავლო გეგმებს, დავით ცენტერაძის თქმით, გეგმავს, რომ ქობულეთში წამოიწყოს რაიმე ბიზნესი, ჯერ დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა სასტუმროს ან საცხოვრებლის აშენებას მოიაზრებს.
ცნობისთვის, "შატო დავითიანი" დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიხსნა.




























