მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შატო მეფისქალაქი" მარკეტინგულ აქტივობებსა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას გეგმავს

ატენი

სასტუმრო "შატო მეფისქალაქი", მიმდინარე წელს, მარკეტინგულ აქტივობებსა და დიდი მასშტაბური რესტორნის გახსნისთვის მზადებას იწყებს.

როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ნინო გზირიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, "შატო მეფისქალაქი" კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში გაიხსნა და თბილისიდან 40 წუთში, კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში, გარიყულაზე მდებარეობს. კომპლექსში ისტორიული ორ-დონიანი მარანია განთავსებული, რომელიც თითქმის სამ საუკუნეს ითვლის. სადაც, ქართული ტრადიციული ქვევრის მეთოდით 3 სახის ადგილობრივი ღვინო მზადდება.

მისი ინფორმაციით, კომპლექსი 25 ოთახს მოიცავს, რომელშიც 60-მდე ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. ამასთან მარანს, სარესტორნო სივრცეს, სპას, სავარჯიშო დარბაზსა და ღია აუზს აერთიანებს, ასევე გარე კაფეებს ფანჩატურის სახით, რომელიც მასტერკლასების ჩასატარებლად გამოიყენება ხოლმე.

„გასულ წელს, სასტუმრო სატესტოდ გავხსენით და რეალურად, მარკეტინგულად არ "გვიხმაურია". ცნობადობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად ჯავშნების რაოდენობაც იზრდება. წელს, მაგალითად კორპორაციული და ჯგუფური ჯავშნებია გააქტიურებული. სასტუმროში ერთი ღამით განთავსება 2 პერსონაზე , საუზმით საშუალოდ 250 ლარი ღირს, თუმცა ეს სეზონზეა დამოკიდებული. ამასთან, სასტუმროში საპრეზიდენტო და საოჯახო ნომრებიცაა, რომელში განთავსების ღირებულებაც 500 ლარიდან იწყება. წელს, არსებული ინფრასტრუქტურის დატვირთვაზე უნდა ვიმუშაოთ. შემდეგ, უკვე მოვემზადებით მასშტაბურ პროექტზე. კერძოდ, დიდი რესტორნის გახსნას ვგეგმავთ, რომელიც 250- 300 ადამიანს უმასპინძლებს და მისი სავარაუდო ინვესტიცია დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე იქნება,“- აცხადებს გზირიშვილი.

გენერალური მენეჯერი ასევე გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ სექტორში კადრები მთავარი გამოწვევაა. კომპანიაში 35 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 70% ადგილობრივი მოსახლეობაა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, კომპანია დასაქმებული კადრების გადამზადებას და მათთვის ინგლისური ენის შესწავლას თავად უზრუნველყოფს.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო ,,შატო მეფისქალაქი" გასულ წელს, სექტემბერში გაიხსნა და კასპში, სოფელ ახალქალაქში, გარიყულაზე მდებარეობს. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი კატეგორიისაა და ისტორიულ მარანს, სარესტორნო სივრცეს, სპა სივრცეს, სავარჯიშო დარბაზსა და ღია აუზს მოიცავს, ამასთან გარე კაფეებიც ფანჩატურის სახით.

აღსანიშნავია, რომ კონცეპტუალური სივრცე, კომპანიის „ახალი ნათება“ შვილობილი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები